კობა კობალაძე: სკანდალური ვიდეოჩანაწერი მუხროვანის სპეცოპერაციას ასახავს

ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი, გენრალ-მაიორი  კობა კობალაძე „კვირასთან“ ინტერვიუში ადასტურებს, რომ სოციალურ ქსელ Youtube-ზე გავრცელებული სკანდალური ვიდეოკადრები მუხროვანის სპეცოპერაციას ასახავს.  ყოფილ სამხედრო მაღალჩინოსანს  მიაჩნია, რომ  მისთვის ამ  ჩანაწერში სიახლე არაფერია.
„ვიდეოჩანაწერი ვნახე და მანდ ყველა ის პირია წარმოდგენილი, რომლებიც მუხროვანის მოვლენებში ჩართულნი იყვნენ.  ხომ ხედავთ, ყველაფერს ნელ-ნელა უკვე ნათელი ეფინება. თუმცა ჩვენთვის ეს ფაქტი აქამდეც ცნობილი იყო… კაცს უნდოდა ორი გვამი – მეტი არაფერი! იმისთვის, რომ გაემართლებინათ თავიანთი სცენარი და ამ ჩანაწერში ზუსტად მაგაზეა საუბარი… მაგათ სულ გვამები უნდოდათ… საბოლოო ჯამში, აბსურდის თეატრი მივიღეთ. გვამები ორიც დადეს და სამიც… ღმერთმა ორი მათგანი გადაარჩინა – ოთანაძე და ამირიძე… ცხონებული გია კრიალაშვილი კი შეიწირეს… მაგაზეა საუბარი. მაგათ უსაზღვრო ფანტაზია ჰქონდათ, მავნებლები იყვნენ. დაეკითხოს სასამართლო ვანო მერაბიშვილს, რისთვის უნდოდა ეს გვამები და გასცეს მან კანონის წინაშე პასუხი! 9 წლის განმავლობაში, სულ ჩახმახშეყენებული იყო მთელი ერი!  ვის სად, ან  რომელ მოსახვევში წამოაქცევდნენ,  ღმერთმა უწყის…
რაც შეეხება ამ ჩანაწერს, პირველად ვნახე, მაგრამ რად უნდოდა ამ ჩანაწერს ნახვა, როდესაც სასამართლოში წარდგენილია არსებული მტკიცებულებები, სადაც იმდროინდელი ქვეყნის მთავარსარდალი პირდაპირ მითითებებს იძლევა, ვინ უნდა დაიჭირონ, თუ ვინ უნდა გაანადგურონ… ვინ უნდა დადიოდეს ამ ქალაქში, და ვინ არ უნდა დადიოდეს.  ხალხი დღეს ტყუილად არ ითხოვს, რომ სამართალი აღდგეს  ქვეყანაში. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ვარაუდების ენით საუბარი და სამართალს თავისი  ფასი უნდა დაედოს“. – აღნიშნა კობა კობალაძემ „კვირასთან“ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ Youtube-ზე ცოტა ხნის წინ ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, სადაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, სოდისა და კუდის ყოფილი უფროსები – დათა ახალაია და ირაკლი კოდუა, ასევე  საქართველოს ექსპრეზიდენტი სპეცოპერაციაზე ჩანან. ვანო მერაბიშვილი  სამხედრო მოსამსახურეებს 2 ადამიანის მკვლელობას უკვეთავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები