გიორგი ვოლსკი: იმდენად პროფესიულადაა ჩამოყალიბებული განათლების რეფორმა, რომ, ცხადია, ოპოზიცია მის გადაფარვას ეცდებოდით

0

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის სახელით ისაუბრა.

„ერთერთი ყველაზე საინტერესო თემაა პედაგოგის ანაზღაურების გაზრდის თემა. პედაგოგებთან მიდგომის საკითხი ალბათ რადიკალურად უნდა შეიცვალოს და ძირფესვიანად უნდა გამოსწორდეს. ეს არ არის მარტო რვა ან ცხრა წლის პრობლემა, რომელიც ჩვენს განათლების სისტემას ახასიათებს”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე პრემიერმინისტრის მიერ განათლების სისტემის მიმართ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა: „იმდენად დიდია, იმდენად მასშტაბურია და იმდენად პროფესიონალურად სწორად არის ჩამოყალიბებული ეს რეფორმა რაზედაც სულ ახლახანს პრემიერმინისტრმა ისაუბრა, რომ მე არც მოველოდი სხვანაირი დაძაბულობისა და სხვა ტემპის განხილვას ამ საკითხზე. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ გადაიფაროს რაც მნიშვნელოვანია. 2019 წლიდან თუ როგორ იზრდება ხელფასები, როგორ მატულობს მშობელთა, მასწავლებელთა და თუნდაც მოსწავლეთა ჩართულობით საბჭოების როლი და მთელი რიგი საკითხები, რომელიც დიფერენციაციას ახდენს მათ შორის ანაზღაურების სფეროში ჩვენს სკოლებში, სადაც შეიძლება მხოლოდ ერთი მოწაფე იყოს. მაგრამ  მადლობის სათქმელი თავდადებული პედაგოგები რასაკვირველია ყველას ავიწყდება იმ დროს, როდესაც   კამათი მიდის ასეთ პოლიტიკურ ფორმატში”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

გიორგი ვოლსკის თქმით, მსჯელობა და განხილვები კვლავაც უნდა გაგრძელდეს, მაგრამ დისკუსია საკითხის პოლიტიზირების გარეშე უნდა წარიმართოს, რადგან ტელეობიექტივების წინ მნიშვნელოვანი საკითხები საქმიან ნიშას კარგავენ.

„მსჯელობა უნდა მიმდინარეობდეს რა თემაც შემოთავაზებულია, თუმცა ყველაფრის გაპოლიტიზირება არ შეიძლება.  არის საკითხები რაც კონცეპტუალურად განსხვავდება  და სწორედ ამ საკითხზე მსჯელობა და კამათი ჩვენთვის ყველასთვის მისაღები, სწორი და აუცილებელია. არის საკითხები, რაზეც   ჩვენ უფრო სიღრმისეულად უნდა ჩავიდეთ. გაცილებით მეტი უნდა ვილაპარაკოთ რეალურ და მასშტაბურ, თუნდაც ფინანსური განზომილების რეფორმებზე, რომელიც წინ გვაქვს და იქ ჩავიდეთ დეტალებში. შეკითხვები კარგია, შესაბამისი პასუხებიც,  მაგრამ  ამ ფორმატში შეკრება, განსაკუთრებით ტელეობიექტივების წინ საერთოდ ეს ყველაფერი საქმიან ნიშას ყველანაირად კარგავს”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი