ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელი: საქართველოს დაუგროვდა დემოკრატიული არჩევნების ჩატარების საკმაოდ კარგი გამოცდილება

0

ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებისას, განაცხადა, რომ საქართველოს დემოკრატიული არჩევნების ჩატარების კარგი გამოცდილება დაუგროვდა; თუმცა, ბოლო არჩევნებმა გამოწვევები აჩვენა. მისივე განმარტებით, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტება, ნეგატიური კამპანია და სიძულვილის ენა იყო მთავარი გამოწვევა. „საქართველოს დაუგროვდა საკმაოდ კარგი გამოცდილება დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისა, თუმცა, ბოლო არჩევნებმა გამოწვევები აჩვენა; მაგალითად – ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, არასაკმარისი და არაჯეროვანი საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტება, ნეგატიური კამპანია, სიძულვილის ენა. იმედი მაქვს, ჩვენი დისკუსიები გააუმჯობესებს შექმნილ სიტუაციას. თუ წინა არჩევნებს შევხედავთ, 2020 წლის არჩევნებამდე დარჩენილია წელიწად-ნახევარი, რაც მოგვცემს საშუალებას, დავსხდეთ ერთად, განვიხილოთ არსებული შედეგები, არასამთავრობოების, ოპოზიციისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით. ამ განხილვების შედეგად, უნდა მივიდეთ პოლიტიკურ კონსენსუსამდე”, -განაცხადა ურსემ.
ცნობისათვის, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ კონფერენცია თემაზე „2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები“ იმართება. კონფერენცია საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა გახსნეს.

კომენტარები

კომენტარი