„მთელი ენერგია, რის გამოყოფაც შეუძლია „ქართულ ოცნებას“, არის პარტიის დაცვა და არა სახელმწიფოს ინტერესების დაცვა“

0

„ქართული ოცნება“ პოლიტიკური პარტიიდან გადაიქცა რეჟიმად, თავის თავის დაცვაზე გადავიდა”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზაქარეიშვილი, ბოლო პერიოდის მანძილზე, მმართველ გუნდში განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა.
„ის ფაქტი, რომ მაინც გავიდა მოსამართლეებთან დაკავშირებული კანონპროექტის ის ვარიანტი, რომელსაც ლობირებდა ირაკლი კობახიძე, მეტყველებს იმაზე, რომ მათ სხვა არაფერი დარჩენიათ, გარდა ხელისუფლების შენარჩუნებისა. ყველაფერი მაინც ინსტიტუციურად იზომება – ანუ იმით, ინსტიტუტები როგორ მოქმედებენ. ინსტიტუციურად სტრუქტურები რომ იცავენ რეჟიმს , პარტიას, ეს პირველად გამოჩნდა მაშინ, როცა პროკურტურამ გააკეთა განცხადება, რომ ის წერილი, რომელიც, ვითომდა, გაუგზავნა გახარიამ ხაზარაძეს, საეჭვოა. წერილში აღწერილი ფაქტი, რომ სახელმწიფო, შს მინისტრის სახით, ზეწოლას ახდენს ბანკზე,  გამოსაძიებელია თუ არა, ამას ყურადღება არ მიაქცია პროკურტურამ და თქვა – რაღაც წერილია, უაზრო. როგორ შეიძლება ამაზე ლაპარაკიო. აქ გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკური პარტიიდან გადაიქცა რეჟიმად, თავის თავის დაცვაზე გადავიდა. როდის იწყება ხოლმე რეჟიმზე ლაპარაკი – როცა თავის თავს იცავს და, უკაცრავად ამ სიტყვაზე, “ფეხებზე ჰკიდია”, სულ არ ადარდებს, სახელმწიფოში რა ხდება.
ყველაფერი რაც ხდება დღეს, პარლამენტში მიდინარე პროცესები, მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ გადავიდა რეჟიმში, თავის თავის დაცვაზე , სხვა არაფერი ადარდებს. ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა არა სახელმწიფოში, არამედ პარტიაში, ღარიბაშვილი დაბრუნდა არა სახელმწიფოში, არამედ – პარტიაში.  აქ ჩანს, რომ მთელი ენერგია, რისი გამოყოფაც კი შეუძლია პოლიტიკურ ძალას , „ქართულ ოცნებას“, ეს არის „ქართული ოცნების“ დაცვა და არა სახელმწიფოს ინტერესების დაცვა. მე რომ მკითხონ, რა იყოს წინასაარჩევნო ლოზუნგი „ქართული ოცნებისა“, შევთავაზებდი – „რა დროს საქართველოა, პარტიაა გადასარჩენი“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, ამ ყველაფერს პარალელურად, ოპოზიციაში „დალაგებული პროცესები“ მიდის.
„ძალიან კარგი პროცესი მიმდინარეობს, ამ დროს, ოპოზიციაში – ერთიანდებიან; საზოგადოებას უქმნიან განცდას, რომ არის ერთობა. უცნაურია და გამეხარდა, რომ სააკაშვილი ასე იოლად სცილდება „ნაციონალურ მოძრაობას“ და აძლევს საშუალებას, განვითარდნენ. ის რევოლუციების, გადატრიალებების , გადმოტრიალებების ლეგენდას თან წაიღებს. ეს კარგია. საკმაოდ დალაგებული პროცესები მიდის ოპოზიციაში. ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იქნება მთაწმინდაზე. ვურჩევდი „ქართულ ოცნებას“, ნუ წამოაყენებენ თავის კანდიდატს შუალედურ არჩევნებში იმიტომ, რომ, თუ დამარცხდებიან, კიდევ უფრო დაასამარებს მათ ეს შედეგები“, – განაცხადა ზაქრეიშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი