მამუკა ბახტაძე: საქართველოს სიძლიერე მუდამ იყო მისი მრავალფეროვნება

0
საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს “ნოვრუზ ბაირამის” დღესასწაული მიულოცა.

მთავრობის მეთაური შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, ქეთევან ციხელაშვილთან ერთად დღეს მარნეულში იმყოფებოდა, სადაც “ნოვრუზ ბაირამისადმი” მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს. ნოვრუზ ბაირამ მუბარეკ ოლსუნ! გილოცავთ გაზაფხულის შემობრძანებასა და ახალ სიცოცხლეს ჩვენს ოჯახებში. ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში – ქვეყანაში, რომლის მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ისტორია ძმობის, სიყვარულისა და ერთობისა. საქართველოს სიძლიერე მუდამ იყო მისი მრავალფეროვნება – ის, რომ ჩვენ, საქართველოს შვილები ერთად, გვერდიგვერდ, მუხლჩაუხრელად ვშრომობდით ჩვენი საერთო სამშობლოს წინსვლისთვის. ეს დიდი სიყვარული და ძმობა უპირობოდ უნდა გადავცეთ მომავალ თაობებს. ძალიან მიხარია, რომ დღესასწაულს ესწრებიან ჩვენი მეგობრები აზერბაიჯანიდან. მინდა, ჩვენს დებსა და ძმებს აზერბაიჯანში, მივულოცო “ნოვრუზ ბაირამი” და მათ ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერმინისტრი, საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, მუნიციპალურ სტენდებს, ასევე – რეგიონში დაგეგმილ პროექტებს გაეცნო და სპორტულ აქტივობებს დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი