არჩილ თალაკვაძე: იუსტიციის მინისტრს დღეს ძალიან საქმიანი გამოსვლა ჰქონდა

0

იუსტიციის მინისტრს დღეს ძალიან საქმიანი გამოსვლა ჰქონდა, – ასე შეაფასა თეა წულუკიანის პარლამენტში გამოსვლა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.

„მან პრაქტიკულად, ამომწურავად უპასუხა მათ შორის, ოპოზიციის შეკითხვებს. თუმცა, რაც გულდასაწყვეტია, ოპოზიციის შეკითხვებში იყო უმცირესი ნაწილი საქმიანი კითხვების, რომელიც საქმესა და მომავალს უკავშირდება და უდიდესი ნაწილი იყო იმ ტიპის კრიტიკა, რომელიც ზოგიერთ ნაწილში, ხან ირონიაში, ხან კი, ჩემი აზრით, გარკვეულწილად, პოლიტიკურ უტიფრობაში გადაიზარდა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, იუსტიციის მინისტრმა შეკითხვებს ძალიან კარგად გაართვა თავი და სათანადო პასუხები გასცა.

„ხვალ ჩვენც გვექნება შემაჯამებელი შეფასებები, მაგრამ რაც მთავარია, ოპოზიციამ ვერ გაბედა, არ გაბედა, თუ მათ ამხელა პოლიტიკური კლასი არ აღმოაჩნდათ, რომ თუნდაც ორი სიტყვით ეთქვათ იმ მნიშვნელოვან მიღწევაზე, რომელიც სახელმწიფოს და იუსტიციის სამინისტროს ჰქონდა, როდესაც საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ პრეცედენტული და ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მოიგო, რაც რუსეთიდან ჩვენი მოქალაქეების დეპორტაციას უკავშირდებოდა. ასევე, რუსეთის ფედერაციას საქართველოს სასარგებლოდ ათი მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა. ამ საქმესთან დაკავშირებით, ოპოზიციის მხრიდან ერთი სიტყვაც ვერ მოვისმინეთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, იუსტიციის სამინისტროს ბევრი სხვა საქმეც აქვს გაკეთებული და დღეს, პარლამენტში ამაზე იყო საუბარი.

კომენტარები

კომენტარი