ახალგორის მუნიციპალიტეტში მდებარე მუხრან-ბატონის სასახლეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ იკოთში მდებარე მუხრან-ბატონის სასახლეს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით, უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
სასახლე აშენებულია 1840 წელს, თავადი ერისთავის მიერ; ხოლო XX საუკუნის დასაწყისში, სასახლე შეისყიდა მუხრან-ბატონმა, რომელიც, ამავდროულად, ერისთავების სიძე იყო. მას მერე, ეს სასახლე მუხრან-ბატონის სასახლედ მოიხსენიება.
საბჭოთა პერიოდში, 20-იანი წლებიდან, აქ სკოლა მუშაობდა, ხოლო XXI საუკუნის დასაწყისში – ბერ ალექსი შუშანიას სახელობის დედათა მონასტერი დაფუძნდა.
სასახლე აგებულია მდ. ქსნისკენ დაქანებულ საკმაოდ დამრეც ფერდზე რიყის ქვით ამოყვანილ სუბსტრუქციაზე.
ნაგებია აგურისა და ქვის შერეული წყობით. სართულშუა გადახურვები არქიტრაულია, კარ-ფანჯრის ღიობები – სწორკუთხა.
სასახლეს გეგმაში П-ს მაგვარი ფორმა აქვს, რომლის დასავლეთ ფასადის ფართო და მძლავრი აივანი მდ. ქსანსა და მის ხეობას გადაჰყურებს. აივანი აგურის ექვს სწორკუთხა სვეტზეა დაყრდნობილი.
სამხრეთ ფასადი ღიობებით არათანაბრადაა დანაწევრებული. თავდაპირველი სახით მხოლოდ ორქანობა სახურავის ქვეშ მოთავსებული სამი ფანჯარაა შემორჩენილი, რომელთაც სამკუთხა კლასიცისტური თავსართები აქვთ.
აღმოსავლეთის მხრიდან, სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფლიგელებს შორის განთავსებულ შიდა ეზოს აივნები მიუყვება. აქ, 1995 წლის ანაზომების მიხედვით, მრგვალი სვეტები იყო შემორჩენილი.
სასაახლეში შემორჩენილია ჰოლი, საცხოვრებელი ოთახები, დამხმარე სათავსო, სარდაფი, მარანი, ღია აივანი. შიდა ეზოში მომცრო ზომის შვერილაფსიდიანი დარბაზული ეკლესიაა ჩადგმული
ძეგლი, ამჟამად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები