2008 წლის ომის დროს დაღუპული საქართველოს შვიდი მოქალაქის ნეშტი გადმოასვენეს

0

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული საქართველოს შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი გადმოასვენეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის ოქტომბრის თვეში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ თამარაშენის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) მიერ გახორციელდა სამარხის გახსნა და ნეშტების ექსგუმაცია.
ნეშტებს ექსპერტიზა საერთაშორისო ლაბორატორიაში, ხორვატიის ქალაქ ზაგრებში ჩაუტარდა, რის შედეგადაც მათი იდენტიფიცირება მოხდა.

ამჟამად, ნეშტები გადასვენებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და, შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ, მათ ოჯახებს გადაცემენ.
90-იან წლებში ცხინვალის რეგიონში მომხდარი კონფლიქტის, ასევე – 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების საკითხთან დაკავშირებით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ეგიდით,  სამმხრივი საკოორდინაციო მექანიზმი მუშაობს, რომელშიც საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი