თბილისის საკრებულოსა და “ავერსი ფარმას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ბირბიჩაძის ინიციატივით, საკრებულოსა და “ავერსი ფარმას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ბირბიჩაძემ და ფარმაცევტული კომპანია შპს “ავერსი ფარმას“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ფურცელაძემ მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებულ იმ მოქალაქეებს, რომლებიც რაიონულ გამგეობებს მედიკამენტების შეძენისთვის დახმარების თხოვნით მიმართავენ, „ავერსი ფარმა“ წამლებს შეღავათიან, ფასდაკლების დღეებში არსებული ფასებით მისცემს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, კომპანია „ავერსს“ თანამშრომლობისა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ, დღეს გაფორმებული მემორანდუმის შედეგად, დედაქალაქის მცხოვრებლები მედიკამენტების შეძენისას მნიშვნელოვან შეღავათებს მიიღებენ.
„ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება. მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანია „ავერსს“ თანამშრომლობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ, მომავალში, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ბირბიჩაძის თქმით კი, აღნიშნული მემორანდუმი, თავისი შედეგებით, უკვე იდეის დონეზეც მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, მერიასა და რაიონულ გამგეობებს, ფასდაკლებული ფასებით, შეეძლებათ, კიდევ უფრო მეტ ბენეფიციარს გაუწიონ დახმარება.
„ამ დროისთვის, ამ მეტად კეთილშობილურ ღონისძიებაში ჩართვის სურვილი კომპანია „ავერსმა“ გამოთქვა. ვიმედოვნებ, რომ, სამომავლოდ, აღნიშნულ შეთანხმებას სხვა ფარმაცევტული კომპანიებიც შეუერთდებიან. ეს არის სოციალური პასუხისმგებლობის საუკეთესო მაგალითი“, – განაცხადა გიორგი ბირბიჩაძემ.
კომპანია „ავერსი ფარმას“ გენერალური დირექტორის, ირაკლი ფურცელაძის განცხადებით, დღეს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლითაც „ავერსმა“ იკისრა ვალდებულება, დედაქალაქის მცხოვრებლებს, პროგრამის ფარგლებში, ფასდაკლების დღეების გარდა, სხვა დღეებშიც ფასდაკლების პირობებით მოემსახუროს.
„ეს არის მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი, რომლის შედეგადაც მოსახლეობას კიდევ უფრო მეტ მედიკამენტზე ექნება წვდომა. „ავერსი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მსგავს პროექტებში მომავალშიც მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა ირაკლი ფურცელაძემ.
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია მოქალაქეებისთვის აღნიშნული შეღავათების დაწესების თხოვნით მოლაპარაკებებს სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანიასთან აწარმოებს. ამ დროისთვის, სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებისა და თანამშრომლობის სურვილი შპს „ავერსი-ფარმამ“ გამოთქვა. დედაქალაქის საკრებულო იმედს იტოვებს, რომ აღნიშნულ ინიციატივას სხვა ფარმაცევტული კომპანიებიც შეუერთდებიან.
ღონისძიებას, თბილისის საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი, გელა ჩივიაშვილი და „ავერსი ფარმას“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები