დიდი პრემიერა – თბილისის ოპერის თეატრი ჯაკომო პუჩინის „ტოსკას“ უმასპინძლებს

5 აპრილს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, ჯაკომო პუჩინის ოპერა „ტოსკას“ პრემიერა გაიმართება. როგორც „კვირას“ ოპერის თეატრიდან აცნობეს, დადგმა პუჩინის ფესტივალისა და თბილისის ოპერის თეატრის ერთობლივი პროდუქციაა, რომელიც პირველად 2018 წელს,  იტალიაში, პუჩინის ფესტივალზე, ტორე დელ ლაგოში გახორციელდა. წელს კი მისი პრემიერა  თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე შედგება. „ტოსკას“ დადგმა ეკუთვნის იტალიელ რეჟისორს, ჯანკარლო დელ მონაკოს –  უდიდესი იტალიელი ტენორის, მარიო დელ მონაკოს შვილს. დამდგმელი დირიჟორია ჯანლუკა მარტინენგი, სცენოგრაფი  – კარლო  ჩენტოლავინი, კოსტიუმების მხატვარი –  ესტერ მარტინი.
სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ როგორც თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები, ასევე  – მოწვეული საოპერო ვარსკვლავები.
სარდუს დრამა „ტოსკა“ დაიწერა გამოჩენილი მსახიობისთვის, სარა ბერნარისთვის. ამ პიესის პრემიერა 1887 წელს, პარიზში, პორტ სენ მარტენის თეატრში შედგა და დიდი წარმატება ხვდა წილად. პუჩინის იმდენად მოეწონა ეს სპექტაკლი, რომ  ამ პიესის მიხედვით ოპერის დაწერა გადაწყვიტა.
პუჩინის ოპერა „ტოსკას“ პრემიერა 1900 წლის 14 იანვარს, რომში, ტეატრო კოსტანციში გაიმართა. ტოსკას პარტიას სახელგანთქმული ხარიკლეა დარკლე ასრულებდა. სპექტაკლს ესწრებოდა დედოფალი მარგარიტა; კულტურის მინისტრი, ბაჩელი; ცნობილი კომპოზიტორები – პიეტრო მასკანი და ფრანჩესკო ჩილეა. თავდაპირველად, ოპერას დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია; თუმცა, ცოტა ხანში, დაიპყრო მსოფლიო საოპერო სცენები და დღეს ყველა ოპერის თეატრის მუდმივ რეპერტუარშია.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში პუჩინის ოპერა „ტოსკა“ მსოფლიო პრემიერიდან სულ რაღაც 4 წელიწადში, 1904 წლის 5 თებერვალს დაიდგა და, მას შემდგომ, დაიმკვიდრა ადგილი თეატრის რეპერტუარში.

საპრემიერო ჩვენებები, ასევე,  6, 7, 10, 13, 14 აპრილს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები