საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. სექტემბერში უკვე გვექნება კანონი მთის შესახებ და მთელი ყურადღება მთიანი რეგიონებისკენ გადავა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ ზარიძეების მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 80-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებულა, რის გამოც ბოლო წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებდა და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნიდა. როგორც რეგიონული განვითარების მინისტრმა აღნიშნა, ამ დროისთვის გზის აღნიშნული ნაწილის რეაბილიტაცია პრაქტიკულად უკვე დასრულებულია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაოებზე დასაქმებულ ადგილობრივებს გაესაუბრა და გზის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განმარტებით, თიანეთი-ზარიძეების საატომობილო გზის 23-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის საშუალებების უსაფრთხო და მოხერხებულ მოძრაობას, ხოლო მგზავრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას სატრანსპორტო ხარჯები და მგზავრობის დრო შეუმცირდებათ. თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის 9 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2013 წლის სექტემბერში დაიწყო და ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია. სამუშაოებზე, რომელსაც კომპანია “ბლექ სი გრუპი” ახორციელებდა, 174 ადამიანი იყო დასაქმებული. პროექტის ღირებულება 8 888 888 ლარია. გარდა ამისა, რეგიონული განვითარების მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა მთავრობის მეთაურს განუმარტა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი თიანეთის მუნიციპალიტეტის ზარიძეების თემში შემავალი 6 სოფლის წყალსადენი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის დასრულების შედეგად ექვსი სოფლის 800 ოჯახს 24-საათიანი წყალმომარაგება და მაღალი ხარისხის გაფილტრული სასმელი წყალი ექნება. პროექტის ღირებულება 1 968 456, 96 ლარია.
სამუშაოებზე დასაქმებულია 120 ადამიანი, რომელთა 50% ადგილობრივი მკვიდრია. პრემიერმა მადლობა გადაუხადა ადგილობრივებს მოთმინებისთვის და შიდა გზებისა და სასმელი წყლის პრობლემის აღმოფხვრაში დახმარება აღუთქვა.
“რეგიონები მოვიარე და ყველგან ბევრი პრობლემა დაგვხდა, სამწუხაროდ, ოქროს დრო არის დაკარგული, წლების მანძილზე ეს პრობლემები დაგროვდა. ახლა მთავარი სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარებაა. უკვე გვაქვს შედეგები, გლეხის შრომა დაფასდა,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=UBk-qbRiTxQ&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]