თუთუ კილაძის რეტროსპექტული გამოფენა „კრიპტოგრამა“ გაიხსნება
9 მარტს, 16:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში, თუთუ კილაძის რეტროსპექტული გამოფენა „კრიპტოგრამა“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ეროვნული მუზუმიდან აცნობეს, გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს აბსტრაგირებულ სახეებს, კოლაჟის ტექნიკით შესრულებულ ნამუშევრებსა და ინსტალაციებს. ეს არის ამბავი – წერილი ავტორის შინაგანი, ეგზისტენციური ძიებების შესახებ, რომელიც, ამჯერად, საჯაროდაა ნაჩვენები; თუმცა, ამოსაცნობია, როგორც პიქტოგრამა.
გამოფენა დაყოფილია რამდენიმე ნაწილად – მნახველს საშუალება ექნება, თვალი გაადევნოს მხატვრის შემოქმედებით დინამიკას, გაეცნოს მხატვრის სახელოსნოსა და მის პირად სივრცეს.
თუთუ კილაძემ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა. 2001 წლიდან, მონაწილობს ჯგუფურ გამოფენებსა და ფესტივალებში („გალერეა 9“, „გალერეა-კაფე“, „თი-ბი-სი“ ბანკის გალერეა, თანამედროვე ხელოვნების გალერეა, გალერეა „უნივერსი”, არტ ვილა „გარიყულა“).
მხატვრის ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
გამოფენა 12 აპრილის ჩათვლით გასტანს.
მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა 8.