„ფესტივალები განვითარებისთვის“ – პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართება

15 მარტს,  18.00-20:00 საათზე, ბათუმში შემაჯამებელი პრეზენტაცია: „ფესტივალები განვითარებისთვის – მიღწევები და სამომავლო გეგმები“ გაიმართება, სადაც სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, ადგილობრივი ფესტივალების ორგანიზატორები და სხვა საპატიო სტუმრები გაეცნობიან პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ  აქტივობებს. ისაუბრებენ იმ ხედვის შესახებ, თუ რა წვლილის შეტანა შეუძლიათ ფესტივალებს ქვეყნის კულტურულ, საზოგადოებრივ და ეკონომიკურ განვითარებაში.
„მნიშვნელოვანია ადგილობრივ ფესტივალებს შორის თანამშრომლობის განვითარების გზების მონახვა, ვინაიდან კვლავ უმნიშვნელოვანეს ამოცანად რჩება აჭარისა და მათ შორის ბათუმის საერთაშორისო საფესტივალო ცენტრად გადაქცევა. ასე რომ, წინ ბევრი საქმე გველის“, – განუცხადეს „კვირას“ ბრიტანეთის საბჭოში.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მიესალმება აჭარის ა.რ. განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, რომლის შემდეგ პროგრამის მიღწევებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ პრეზენტაციის ფორმატში ისაუბრებს ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ბატონი ზაზა ფურცელაძე. სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ, დასვან კითხვები და პრეზენტაციის შემდეგ არაფორმალურ გარემოში ერთმანეთს გამოცდილება, ხედვები და სამომავლო გეგმები გაუზიარონ.
„2016 წლიდან წარმატებით ვახორციელებთ აჭარის ფესტივალების განვითარების ხელშეწყობას  და იგი გახდა ერთგვარი გაგრძელება კიდევ ერთი წარმატებული ხუთწლიანი პროგრამისა – „საშემსრულებლო ხელოვნების მხარდაჭერის პროგრამა აჭარაში“. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი წარმატებული თანამშრომლობა ა.რ. განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროსთან კიდევ მრავალ შესაძლებლობას მოგვცემს, ხელი შევუწყოთ საქართველოს ულამაზესი და უმნიშვნელოვანესი რეგიონის – აჭარის კულტურულ და ეკონომიკურ წინსვლას“, – აღნიშნავენ ბრიტანეთის საბჭოში.
პროექტი ხორციელდება აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლობით.

მისამართი: სასტუმრო „რედისონ ბლუ“, ბათუმი, ნინოშვილის ქუჩა N 1.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები