„ხელისუფლება არ ელოდება მადლობას გაკეთებული საქმეებისთვის“
ხელისუფლება არ ელოდება მადლობას გაკეთებული საქმეებისთვის, ეს ჩვენი ვალდებულებაა-ვაკეთოთ რეალური საქმეები და ვიზრუნოთ ხალხზე,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ ბულაჩაურის მოსახლეობასთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა დღეს ბულაჩაურის სამელიორაციო სისტემის სათავე ნაგებობის მშენებლობა დაათვალიერა. როგორც რეგიონის გუბერნატორმა მთავრობის მეთაურს განუმარტა, სარეაბილიტაციო სამუშოების შედეგად მთლიანად აღდგება საგურამოს სარწყავი სისტემა, რომელიც წლების მანძილზე არ ფუნქციონირებდა.
მშენებელი კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, პროექტის დასრულების შემდეგ 1 164 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი იქნება.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ხელისუფლება თანმიმდევრულად აგვარებს წლების მანძილზე დაგროვილ და უყურადღებოდ მიტოვებულ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს, რომელთა მოგვარებაც მოსახლეობისთვის ახალი საწარმოო ძალის და სტიმულის მიცემას უკავშირდება.
სოფელ ბულაჩაურის სამელიორაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „მამისონი“ ასრულებს. პროექტი, რომლის ღირებულება 6 365 000 ლარია, უახლოეს მომავალში დასრულდება. ბულაჩაურის მოსახლეობამ პრემიერს წყლის პრობლემის მოგვარება და შიდა გზების მოწესრიგება სთხოვა და მათი გადაჭრის პირობა მიიღო. ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივებს მიაწოდა ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” შესახებ.
“იმედი გაგვიჩნდა, რომ ხელისუფლების დახმარებით სოფელი ფეხზე დადგება. შრომა არ გვეზარება, მთავარია ხელი შეგვიწყოთ. ბევრი რამ კეთდება სოფლისთვის და იმედი გვაქვს, რომ სხვა ქვეყნიდან პომიდორის თუ ხილის შემოტანა საქართველოში აღარ დაგვჭირდება“,-მიმართა პრემიერს ბულაჩაურის მკვიდრმა ნოდარ ბუთხუზმა.