კამერული მუსიკის საღამო – „საქართველოს სინფონიეტას“ და ალექსეი გალეა კავალაცის კონცერტი გაიმართება

21 მარტს, 19:00 საათზე, „სინფონიეტა სთეიჯიზე”, „საქართველოს სინფონიეტა“ ალექსეი გალეა კავალაცისთან ერთად წარმოადგენს კამერულ მუსიკას სიმებიანი ორკესტრისათვის.
როგორც „კვირას“ „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა თეა მუქერიამ აცნობა, ალექსეი გალეა კავალაციმ მუსიკალური განათლება ლონდონის „მუსიკის სამეფო აკადემიასა“ და მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში მიიღო. იგი ხშირად მართავს კონცერტებს ევროპის წამყვან ორკესტრებთან ერთად და აგრეთვე ხშირად იწვევენ სხვადასხვა საერთაშორისო, თუ ეროვნული კონკურსის ჟიურის წევრად. ალექსეი გალეა კავალაცი ასევე „ხმელთაშუა ზღვის საკონფერენციო ცენტრის“ (Mediterranean Conference Centre) მუსიკალური დირექტორი გახლავთ და სწორედ მისი ინიციატივით ხორციელდება თანამშრომლობა ცენტრსა და „საქართველოს სინფონიეტას შორის“.
21 მარტის საღამოს გახსნის მენდელსონის კამერული სიმფონია N 9, რის შემდეგაც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპოზიტორის, კარლ ნილსენის პატარა სიუიტა შესრულდება.
მალტური მუსიკიდან კი შესრულდება მსოფლიოში ცნობილი მალტელი ცოცხალი კომპოზიტორის, დოქტორ ჯესმონდ გრიქსტის „მუსიკა სიმებისთვის“. მისი ნაწარმოებები ხშირად სრულდება მსოფლიოს ისეთ წამყვან დარბაზებში, როგორიც კარნეგი ჰოლია.
კონცერტს დაასრულებს აწ გარდაცვლილი ჯოზეფ ველას მუსიკა, რომელიც ძალიან ხშირად სრულდება როგორც მალტაზე, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთაც და იგი უკვე აღიარეს კუნძულის ეროვნულ – კულტურულ მემკვიდრეობად. მისი სინფონიეტა თხზ. 36, მე-19 და მე-20 საუკუნეების მუსიკალური პროგრამის კულმინაცია იქნება”.
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა” და დირიჟორი ალექსეი გალეა კავალაცი იგივე პროგრამით კუნძულ მალტაზე მიემგზავრებიან, სადაც 24 მარტს ვალეტას „Mediterranean Conference Centre“-ში მალტელი მსმენელების წინაშე წარდგებიან.
„21 მარტს კი ყველას გელით „სინფონიეტა სთეიჯიზე”“ (სანაპიროს ქ. N4, შენობა 2, სართული 8), კონცერტზე დასწრება თავისუფალია“, – აცხადებს თეა მუქერის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები