გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოასვენეს
ოკუპირებულ აფხაზეთში, ნაბაკევის სმახედრო ბაზაზე გარდაცვლილი 28 წლის ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ გადმოასვენეს.
გადმოსვენების პროცედურაში ჩართული იყო წითელი ჯვარი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. ასევე, გადმოსვენების პროცესს ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძე. მათ მედიასთან კომენატრი გააკეთეს, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრიათ. კერძოდ, განმარტეს, რომ ქართველმა ექსპერტებმა ცხედარს ადგილზე პირველადი დათვალიერება ჩაუტარეს, მაგრამ აღენიშნება თუ არა მას დაზიანება, არ აკონკრეტებენ. ცხედარი რეანომობილით ქუთაისის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს, რის შემდეგაც გადაწყდება, სად დაასვენებენ ირაკლი კვარაცხელიას.
ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ საღამოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედ ცხელ ხაზზე დაყრდნობით გაავრცელა განცხადება, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა.
აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლის ინფორმაციით, კვარაცხელია, ბოლო რამდენიმე წელი, აჩიგვარაში მარტო ცხოვრობდა. ამავე ცნობით, მას მშობლები გარდაცვლილი ჰყავს, თავად კი განქორწილებული იყო. ირაკლი კვარაცხელიას ერთი შვილი დარჩა. ის ათი წლის წინ სენაკში, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა, თუმცა ბოლო დროს მასთან კონტაქტი, მეზობლების ინფორმაციით, არავის ჰქონია.