ქეთევან ციხელაშვილმა და სალომე სამადაშვილმა იკამათეს – “ხელისუფლებისკენ თითის გამოშვერას, ვერ მივიღებ”

“ხელისუფლებისკენ თითის გამოშვერას, ​მე ვერ მივიღებ“, – ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სალომე სამადაშვილს.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე სალომე სამადაშვილის შეკითხვას სიტყვიერი შეკამათება მოჰყვა.
დეპუტატმა მინისტრს კითხვა გალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ 29 წლის ირაკლი კვარაცხელიასთან დაკავშირებით დაუსვა და ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში გააკრიტიკა:

„რაზე მოუწია რუსეთს პასუხის გაცემა გასული წლების მანძილზე? ერთი შემთხვევა დამისახელეთ, რაზე მოუწია პოლიტიკური ფასის გადახდა? ჯობდა არ მოსულიყავით, ვიდრე მოსულიყავით და გეთქვათ, რომ თურმე პოლიტიზირებაა შეკითხვის დასმა? რატომ კლავენ ჩვენს მოქალაქეებს დაუსჯელად, ამაზე კითხვის დასმა საკითხის პოლიტიზირებაა? საერთოდ გესმით სად იმყოფებით და რა ხდება თქვენს თავს?“ – მიმართა სამადაშვილმა ციხელაშვილს.
დეპუტატის კითხვებზე მინისტრი შეეცადა ეპასუხა, თუმცა სალომე სამადაშვილი პასუხებს არ დაელოდა, რის გამოც სიტუაცია დაიძაბა.
„ის, რაც ხდება საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან აგერ უკვე 10 წელია, საფრთხეს უქმნის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს. ქალბატონო სალომე, მე ვერც გავიზიარებ და არც მიმაჩნია მისაღებად, ასეთი მძიმე თემებით სპეკულირება, მიუხედავად იმისა, რომ მესმის, ოპოზიცია ბრძანდებით. აქ თითის გამოშვერა და ხელისუფლების დადანაშაულება იმაში, რაც შეიძლება ხდებოდეს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის თვალსაზრისით, არ მიმაჩნია მისაღებად. ეს არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელიც რუსეთის მხრიდან ხორციელდება 2008 წლიდან. თუ არ ვცდები, მაშინ თქვენი პოლიტიკური ძალა ბრძანდებოდა ხელისუფლებაში. ამიტომ ხელისუფლებისკენ თითის გამოშვერას, მე ვერ მივიღებ“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები