თამარ ხულორდავამ ევროპარლამენტის მიერ რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობების შესახებ მიღებული რეზოლუცია შეაფასა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ 12 მარტს, ევროპარლამენტის მიერ რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობების შესახებ მიღებული რეზოლუცია შეაფასა.
თამარ ხულორდავას განცხადებით, ევროპარლამენტი მკაფიოდ გამოხატავს რუსეთთან მიმართებაში პოზიციას და აცხადებს, რომ უნდა გადაიხედოს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობები, რადგან იგი განაგრძობს ევროპული ქვეყნების მიმართ აგრესიას და უხეშად არღვევს საერთაშორისო წესრიგს.
„ევროპარლამენტისთვის მიუღებელია ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხელყოფა, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. სწორედ ამ მიზეზების გამო ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ დაუშვებელია რუსეთთან თანამშრომლობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება და ის ვეღარ იქნება ევროკავშირისთვის სტრატეგიული პარტნიორი”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
მისი თქმით, ევროპარლამენტი რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს შეწყვიტოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს. რეზოლუცია მკაცრად გმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.
„დღეს, როდესაც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაუგებარ ვითარებაში გარდაიცვალა ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი მოქალაქე, ირაკლი კვარაცხელია, ასეთი შინაარსის რეზოლუციები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ადამიანის უფლებების ხელყოფის ყველა ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აუცილებელია დამნაშავეებმა პასუხი აგონ კანონის სრული სიმკაცრით და იმედი მაქვს ამაში ჩვენი პარტნიორები დაგვეხმარებიან. ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც არის ჩანაწერი კონკრეტული პირების მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე. საჭიროა წევრმა ქვეყნებმა და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებმა ევროპარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად იმოქმედონ”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
ევროკავშირსა და რუსეთს შორის დაძაბულ ურთიერთობებს სხვადასხვა ქვეყნების საქმეებში რუსეთს უკანონო ჩარევა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობები, რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაცია და თავად, რუსეთში და მის საზღვრებს გარეთ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები განაპირობებს.
აღსანიშნავია, რომ ლატვიელი ევროპარლამენტარის, სანდრა კალნიეტეს მიერ მომზადებული, რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობების შესახებ 2019 წლის, 12 მარტის რეზოლუცია, 2018 წლის 14 ივნისის ევროპარლამენტის „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რუსეთის თავდასხმიდან 10 წლის შემდეგ” რეზოლუციას ეხმიანება და სრულად იზიარებს მის შინაარსს.
პარლამენტარები აღნიშნავენ, რომ რუსეთთან ურთიერთობები უნდა გადაიხედოს ვიდრე მისი ხელისუფლება საერთო ინტერესების საკითხებზე პასუხისმგებლობას სრულად არ გაიზიარებს. ევროპარლამენტი რეზოლუციაში აღნიშნავს, რომ რუსეთის საზიანო პოლიტიკის შესაბამისად, სანქციები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები