ჯანი ბუკიკიო: ვენეციის კომისია სწრაფად შეასრულებს ირაკლი კობახიძის თხოვნას, რომ ჩვენი მოსაზრება გამოვთქვათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით
„ვენეციის კომისიამ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისგან, მიიღო თხოვნა, საკუთარი მოსაზრება გამოთქვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ ნათქვამია ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს განცხადებაში, რომელიც კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვენეციის კომისია ამ თხოვნას სწრაფად შეასრულებს, რადგან აცნობიერებს, რომ უზენაესი სასამართლოს ეფექტური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, უზრუნველყოფილ იქნას სასამართლოს სრული შემადგენლობა.
ჯანი ბუკიკიო მიესალმება საქართველოს ხელისუფლების სურვილს, მჭიდროდ ითანამშრომლოს ვენეციის კომისიასთან.
„მივესალმები საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნას, ითანამშრომლოს ვენეციის კომისიასთან, რათა განისაზღვროს მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის მკაფიო და გამჭვირვალე კრიტერიუმები და პროცედურები”,- ნათქვამია ვენეციის კომისიის პრეზიდენტის განცხადებაში.