ამირან სალუქვაძე: კარგია, რომ ,,გაზპრომთან” ახალი ხელშეკრულება გაცილებით უკეთესი პირობებით დაიდო

ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე ,,გაზპრომთან” გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებას აფასებს.

მისი თქმით, კარგია ის, რომ ახალი ხელშეკრულება უკეთესი პირობებით დაიდო, ვიდრე მანამდე არსებული იყო.

,,იმ რეალობაში, რა რეალობაშიც ჩვენ ვიმყოფებით დღეს, ზოგადად, რეგიონში ენერგო უსაფრთხოებიდან გამომდინარე და განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებაში, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოს ვგულისხმობ, უკეთესი ხელშეკრულების მოლოდინი არ უნდა გვქონოდა. კარგია ის, რომ, როგორც ინფორმაცია ვრცელდება, ეს ხელშეკრულება დაიდო გაცილებით უკეთესი პირობებით, ვიდრე იყო წინა ხელშეკრულება, რომლის ვადაც ამ ეტაპისთვის ამოიწურა.

ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ,,გაზპრომთან” გაფორმებული ახალი ხელშეკრულების თანახმად, მსხვილი კომერციული მომხმარებლებისთვის ახალი ალტერნატივა ჩნდება.

,,რამდენადაც ცნობილია ჩემთვის, ,,სოკარმა” კომერციული გაზი გააძვირა აბონენტებისთვის, განსაკუთრებით ეს მსხვილ მომხმარებლებს ეხება და ამ ხელშეკრულების თანახმად, ჩნდება ალტერნატივა იმისათვის, რომ ამ მსხვილ კომერციულ მომხმარებლებს უკეთესი პირობები შესთავაზოს სახელმწიფომ, რაც აისახება საბოლოო ჯამში მათ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე, რათა ისინი იყვნენ კონკურენტუნარიანები, სხვა მწარმოებლებთან შედარებით. ეს არის ის პატარა ფანჯარა, რომელიც გააჩინა ამ ხელშეკრულებამ”, – აცხადებს ამირან სალუქვაძე.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის სტრატეგიულ პარტნიორად და მთავარ მომწოდებლად რჩება და ეს ხელშეკრულება აღნიშნულს საფრთხეს არ უქმნის.

,,რაც შეეხება თვითონ გაზის მოცულობას, რაც იგეგმება რუსეთიდან, ის არ იქნება დიდი, მაქსიმუმ შეიძლება საუბარი იყოს ბაზრის მთლიანი მოცულობის 5 პროცენტამდე, ამიტომ მთავარი ის არის, რომ აზერბაიჯანი, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რჩება და შემდგომშიც დარჩება ჩვენთვის მთავარ მომწოდებლად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ხელშეკრულება ამ მხრივ საფრთხეს არაფერს უქმნის”, – განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დაასრულა მოლაპარაკებები კომპანია „გაზპრომთან“ რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტთან დაკავშირებით.

უწყების ცნობით, ქართულმა მხარემ საგრძნობ გაუმჯობესებას მიაღწია ორი პოზიციით – გაიზარდა სატრანზიტო საფასური, რომელსაც ,,გაზპრომი” საქართველოს გადაუხდის და შემცირდა რუსული გაზის ფასი, თუ რომელიმე კერძო ბიზნესი, კომპანია დაინტერესდება აღნიშნული ალტერნატივით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები