1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 ადამიანის ნეშტია ამოცნობილი

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (წჯსკ) ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად, 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 ადამიანის ნეშტია ამოცნობილი.
„ეს შესაძლებელი გახდა იმ ორი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, რომლებიც წჯსკ-ს ეგიდით შეიქმნა და აღნიშნული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებაზე მუშაობს. „ბავშვობაში ზაფხულის არდადეგებს ბებიასთან ვატარებდი, მაგრამ ომმა ერთმანეთს სამუდამოდ დაგვაშორა, როდესაც შევიტყვე, რომ მისი ნეშტი იპოვეს და ამოიცნეს, გული მადლიერების გრძნობით ამევსო გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრები უცნობი ადამიანების მიმართ, რომლებმაც გარდაცვლილ ბებიას სათანადო პატივი მიაგეს“ – აღნიშნა 44 წლის მამაკაცმა, რომლის ოჯახიც კონფლიქტის შედეგად დაზარალდა“,- აცხადებენ წჯსკ-ში.
წითელი ჯვრის საერთაშრისო კომიტეტმა ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები გამართა ოჯახების წარმომადგენლებთან, განუმარტა ამოცნობის პროცესის ეტაპები და მათ შეკითხვებს უპასუხა. ოჯახებს, ასევე, გაეწიათ ფსიქოლოგიური დახმარება ახლობლების გაუჩინარებით გამოწვეულ მძიმე ემოციურ მდგომარეობასთან გასამკლავლებლად.
„ჩვენთვის, როგორც ორგანიზაციისათვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მუშაობის კონკრეტულ შედეგს, იმ ფაქტს, რომ ოჯახები იღებენ პასუხს უგზო-უკვლოდ დაკარგული ახლობლების შესახებ. ჩვენმა მცდელობებმა შედეგი გამოიღო – დასრულდა გაურკვევლობის ათწლეულები 23 ქართველი, აფხაზი და ოსი გაუჩინარებული ადამიანის ოჯახისთვის“,- აღნიშნა წჯსკ-ს ოპერატიული საქმიანობის კოორდინატორმა ევრაზიის რეგიონში ნიკოლა ფლორიმ.
კომიტეტის ცნობით, ნეშტების გადაცემა და დაკრძალვის ცერემონიალი უახლოეს დღეებში გაიმართება.
ცნობისთვის, 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტებთან დაკავშირებით 2300-მდე პირი (როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო) კვლავ დაკარგულად ითვლება.
აღსანშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე 500-მდე ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული, 200 მათგანი კი ამოცნობილია და ოჯახებს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები