მეუფე შიო: როგორც სული ჭკნება თავისუფლების გარეშე, ასევე თავისუფლება ჭკნება სულისა და სულიერი მიზნების გარეშე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდს დაესწრო.
როგორც მან აღნიშნა, უნდა ვიფიქროთ თავისუფლების ცნებაზე, რადგან როგორც სული ჭკნება თავისუფლების გარეშე, ასევე თავისუფლება ჭკნება სულისა და სულიერი მიზნების გარეშე.
„მოვიხსენიოთ პირველი პარლამენტის წევრების სულები, დავლოცოთ, მადლობა ვუთხრათ. კიდევ ერთხელ ვიფიქროთ ჩვენს ქვეყანასა და მის მომავალზე, საერთოდ თავისუფლების ცნებაზე. ეს არის დიდი ტალანტი, რომელსაც ჰქვია პოლიტიკური დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ამისათვის, პირველ რიგში, უნდა განვახორციელოთ სულიერი მიზნები, სულიერი დამოუკიდებლობა და თავისუფლება, რადგან როგორც სული ჭკნება თავისუფლების გარეშე, ასევე თავისუფლება ჭკნება სულისა და სულიერი მიზნების გარეშე.
მოვიხსენიოთ კიდევ ერთხელ მათი სულები, ვევედროთ უფალს, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩეს, გამთლიანდეს და დავიბრუნოთ ჩვენი პოლიტიკური მთლიანობა, განვახორციელოთ ჩვენი სულიერი და დიდი მიზნები. დღეს აქ არიან პირველი დამფუძნებელთა კრების წევრთა შთამომავლები, უფალმა ინებოს, რომ მათი ლოცვა, მისწრაფებები აღსრულდეს. ღმერთმა მოგვცეს, რომ მოვესწროთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებასა და გამთლიანებას, პოლიტიკურ გამთლიანებას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დაბრუნებას“, – განაცხადა მეუფე შიომ.
ცნობისათვის, საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, დღეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები