საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება ერთჯერადად პრემიერ-მინისტრს გადასცა, – ამის შესახებ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დავით პატარაიამ განაცხადა. მისი თქმით, კონსტიტუციის მიხედვით, შეთანხმების დადების უფლებამოსილება პრეზიდენტის უფლებამოსილების სფეროშია.
“როგორც მოგეხსენებათ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება უნდა დაიდოს 27 ივნისს. ეს არის შეთანხმება, რომელსაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის. კონსტიტუციის მიხედვით, ამ ყოვლისმომცველ შეთანხმების დადების უფლებამოსილება პრეზიდენტის უფლებამოსილების სფეროშია. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ განზრახული აქვს ხელშეკრულების ხელმომწერად განისაზღვროს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ვინაიდან აუცილებელია საქართველოს პრემიერი-მინისტრის ხელმოწერის უფლება განხორციელდეს ისე, რომ არც დღეს და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არც მომავალში, არ დაისვას კითხვის ნიშნები ხელმოწერის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება ერთჯერადად გადასცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 და მე-13 მუხლების შესაბამისად, ამ შეთანხმების ხელმოწერის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულების სახით, რომელიც საჭიროებს პრემიერის კონტრასიგნაციას. შესაბამისად, გაცნობებთ, რომ დღეს ვუგზავნით საქართველოს მთავრობას შესათანხმებლად პრეზიდენტის ბრძანებულებას, რომლის მიხედვით, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს ანიჭებს ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილებას. იმედი გვაქვს, მთავრობასა და პრეზიდენტის შორის შეთანხმების კონსტიტუციური პროცედურა უახლოეს დღეებში დასრულდება”,- განაცხადა პატარაიამ.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=4trzRzY3KY4&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]