„ქართული დიასპორა ყოველთვის უნდა გრძნობდეს სახელმწიფოს მხარდაჭერას“

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქართული დიასპორის ცხოვრება და მათთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარება, ისინი ყოველთვის უნდა გრძნობდნენ სახელმწიფოს მხარდაჭერას – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონფერენციაზე “ქართული დიასპორის დღეები 2014” განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება საზღვარგარეთ არსებული დიასპორული ორგანიზაციების დახმარებას კვლავ გააგრძელებს.
“მინდა, მივულოცო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე და ქართული დიასპორის დღე, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს მოსდევს და უკვე ტრადიციულად აღინიშნება. მინდა მივესალმო საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. ამ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ პატივისცემასა და სიყვარულს მათ მიმართ, ვინც საქართველოდან შორს ცხოვრობს, მაგრამ სამშობლოს განუყოფელი ნაწილია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქართული დიასპორის ცხოვრება და მათთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარება. ისინი ყოველთვის უნდა გრძნობდნენ სახელმწიფოს მხარდაჭერას. ჩვენი ხელისუფლება სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს. ჩვენ შევქმენით დიასპორის მიმართ ახალი სტრატეგია. მეტი კომუნიკაციის მიზნით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, შეიქმნა თანამემამულეთა გლობალური ქსელი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დიასპორის შესახებ ზუსტი მონაცემების უფრო ეფექტიანად შეგროვება. ამავე ქსელის ფარგლებში შეიქმნა ონლაინსკოლა. ჩვენს თანამემამულეებს მიეცემათ საშუალება ონლაინრეჟიმის გაკვეთილებით შეისწავლონ ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, გეოგრაფია, ეთნოგრაფია. ამით ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ქართულ დიასპორაში ეროვნული თვითშეგნებისა და მშობლიური ენის შესანარჩუნებლად. ჩვენ გავაგრძელებთ საზღვარგარეთ არსებული დიასპორული ორგანიზაციების დახმარებას. ამ მიზნით გასულ წელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ოთხასი ათასი ლარი გამოვყავით. განხორციელდა სხვადასხვა კულტურული თუ სოციალური პროექტი. მათ შორის აღვნიშნავ ერთ–ერთ პროექტს – “ქართველი ექიმები თანამემამულეთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის”, რომლის ფარგლებშიც საბერძნეთში, ქალაქ ათენში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, სრულიად უანგაროდ, საქართველოდან ჩასულმა ექიმების ჯგუფმა უფასო გამოკვლევები ჩაუტარა“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების ეროვნული თვითშეგნების შენარჩუნებაში უდიდეს როლს ასრულებს საქართველოს ეკლესია.
“საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებს საზღვარგარეთ 74 ქართული სამრევლო აქვთ. საქართველოს ეკლესია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა უცხოეთში, სადაც ქართული დიასპორა ყველაზე ძლიერად გრძნობს საკუთარ ფესვებს, საკუთარ ისტორიას. დიასპორა ჩვენი ქვეყნისთვის უდიდეს პოტენციალს წარმოადგენს. უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს საკუთარი უნარების, ბიზნესისა თუ საჯარო სფეროში საუკეთესო გამოცდილების გაზიარებითა და გამოყენებით შეუძლიათ თავიანთი წვლილი შეიტანონ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ინტელექტუალური და ფინანსური რესურსის მოზიდვა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=PjLMgf0r8WI&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები