ფადი ასლის განცხადებას ბიზნესმენები პირადი დღის წესრიგის გამოხატულებად და საქმიანი ურთიერთობების ხელისშემშლელად მიიჩნევენ

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის, ფადი ასლის განცხადებას უკვე მეორე დღეა, ბიზნესმენები ეხმაურებიან და ერთხმად უარყოფენ იმას, რომ მთავრობის მხრიდან ბიზნესი რაიმე სახის ზეწოლას განიცდის.

„ბრითიშ ამერიკან ტობაკოს” კორპორატიული დირექტორი ზვიად სხვიტარიძე უარყოფს „საერთაშორისო სამრეწველო პალატის“ თავმჯდომარის, ფადი ასლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს აღნიშნული კომპანია ხელისუფლების მხრიდან შევიწროებას განიცდის.

„ფადი ასლის განცხადება ჩვენთან შეთანხმებული არ იყო. მან გააკეთა განცხადება, რომ ჩვენი კომპანია განიცდის და განიცდიდა შევიწროებას სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ არ განვიცდით ზეწოლას მთავრობის მხრიდან. ასევე, ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ბიზნესგარემო არის ღია და საქართველოში რეგიონისგან განსხვავებული ვითარებაა, რაც დასტურდება საერთაშორისო რეიტინგებით. ზოგადად, ჩვენ გვაქვს რიგი საკითხები, რომლებსაც გავდივართ სახელმწიფოსთან. დიდ პატივს ვცემთ ფადი ასლს, რომელიც პრესასთან ახმოვანებს ბიზნესისთვის პრობლემურ საკითხებს, თუმცა ეს განცხადება ჩვენთან საერთოდ არ ყოფილა შეთანხმებული”, – განაცხადა ზვიად სხვიტარიძემ.

ფადი ასლის განცხადებას შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ გენერალური დირექტორი – მურატ ჯიმადილაევი განცხადებით პასუხობს:

„ქვეყანაში არსებული ბიზნესკლიმატი, საკანონმდებლო სივრცე, ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა, საჯარო უწყებებთან ტრანსფარანტული ურთიერთობისათვის შემოთავაზებული სხვადასხვა ფორმატი უპირობოდ შეიძლება განვიხილოთ, როგორც ბიზნესსაქმიანობისათვის ნაყოფიერი გარემო,“ – აცხადებს შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ გენერალური დირექტორი მურატ ჯიმადილაევი თავის განცხადებაში.

მურატ ჯიმადილაევის განცხადებით, გარკვეული სუბიექტები ცდილობენ, საზოგადოებას თავს მოახვიონ მათი პირადი დღის წესრიგით ნაკარნახევი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია. მისივე თქმით, მსგავსი პრაქტიკა არ უწყობს ხელს ქვეყანაში საქმიანი და პასუხისმგებლიანი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას.

„გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ, 8 მარტს, ცალკეული სუბიექტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს შესახებ და თითქოსდა, სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის ტოტალურ ზეწოლასთან დაკავშირებულ ფაქტებს აქვს ადგილი. გამუდმებით ვართ იმის მომსწრენი, თუ როგორ ცდილობენ გარკვეული სუბიექტები, თავს მოახვიონ საზოგადოებას მათი პირადი დღის წესრიგით ნაკარნახევი და ყოვლად გადაუმოწმებელი ინფორმაციები. სამწუხაროდ, გუშინდელი ფაქტი, თითქოსდა, ბათუმის ნავთობტერმინალი ან ბათუმის საზღვაო ნავსადგური სახელმწიფოს მხრიდან განიცდიან გარკვეული ტიპის ზეწოლას, კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა ყოველივე ამისა. სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ არც ბათუმის ტერმინალი და არც ბათუმის საზღვაო ნავსადგური არ არიან მონაწილენი ისეთი პროცესებისა, რომლებიც რაიმე სახით სცდებიან სამართლებრივ სივრცეს და გვაძლევენ საფუძველს იმისა, რომ სახელმწიფო უწყებები დავადანაშაულოთ მცდელობაში, ხელი შეუშალონ ან ზარალი მიაყენონ ჩვენს საქმიანობას.

ჩვენ არაერთგზის აღგვინიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული ბიზნესკლიმატი, საკანონმდებლო სივრცე, ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა, საჯარო უწყებებთან ტრანსფარანტული ურთიერთობისათვის შემოთავაზებული სხვადასხვა ფორმატი უპირობოდ შეიძლება განვიხილოთ, როგორც საქართველოს ეკონომიკის ძლიერი მხარე და ბიზნესსსაქმიანობისათვის ნაყოფიერი გარემო. და ბოლოს, გვსურს აღვნიშნოთ, რომ მსგავსი პრაქტიკა, რომელიც ითვალისწინებს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას, არ უწყობს ხელს ქვეყანაში საქმიანი და პასუხისმგებლიანი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება ფადი ასლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, „ტერაბანკი“ ხელისუფლების მხრიდან შევიწროებას განიცდის, კომპანიაში აცხადებენ, რომ დღეს კომპანიასა და სახელმწიფოს შორის არსებულ სასამართლო დავა, რაც ყველა ქვეყანაში ხდება, ზეწოლად არ უნდა შეფასდეს.

„სავარაუდოდ, ფადი ასლი გულისხმობდა გაწელილ სასამართლო დავას, რომლის გამოც ჩვენ ვერ ვავრცელებდით უფლებას ერთ-ერთ ჩვენს ქონებაზე. ამ საქმესთან დაკავშირებით, ჩვენი პრეტენზია შეეხებოდა ამ სასამართლო დავას, თუმცა ის ამჟამად დასრულებულია, მსგავსი შემთხვევები ანუ სასამართლო დავა კომპანიასა და სახელმწიფოს შორის ყველა ქვეყანაში ხდება. ზეწოლას ასე ვერ დავარქმევთ, უბრალოდ, პროცესი გაჭიანურდა“, – განაცხადა სალომე ქოქოსაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენმა ფადი ასლიმ დღეს გაავრცელა რამდენიმე კომპანიის ჩამონათვალი, რომლებიც, მისივე თქმით, „დაზარალდნენ სახელმწიფოს მხრიდან და იმყოფებიან წნეხის ქვეშ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები