“ბატონო მამუკა, როცა თქვენ მე გამაკოტრეთ, მაშინ არ ვიყავით ქართველები და ადამიანები?”

შპს „ნიკეს“ დირექტორი და დამფუძნებელი ზურაბ ბიგვავა სოციალურ ქსელში “თი-ბი-სი ბანკის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც მან ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, ბანკი ხელშეუხებელი უნდა იყოს, ხოლო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აუცილებლად უნდა აშენდეს.

„არ მინდოდა ამ ციებ-ცხელების დროს რამის დაწერა, მაგრამ ვერ ვიტან ორმაგ სტანდარტებს.
მამუკა ხაზარაძე:
„მე ყველას პატივს გცემთ. არ ვარ აქ იმისთვის მოსული, რომ ოპოზიციის ან პოზიციის გული მოვიგო. აქ ვარ მოსული ქართველებთან, ადამიანებთან, რომლებსაც გვინდა ხვალ ახალი ცხოვრება გვქონდეს და ერთად ვაკეთოთ საქმე. ამ მდგომარეობაში, პირდაპირ გეუბნებით, მე მირჩევნია, რომ მოვიდნენ და მითხრან, ზედმეტი ხარ აქ, მაგრამ ამ ქვეყნიდან მე არ წავალ. პირდაპირ ვამბობ, არ წავალ არსად…”
ბატონო მამუკა, 1995 წელს, როცა თქვენ, მე ზურაბ ბიგვავა, შპს “ნიკეს” დირექტორი და დამფუძნებელი, თქვენი ბორჯომის წყლის მაქინაციებით, გადამაგდეთ რამდენიმე ათას დოლარში და გამაკოტრეთ, მაშინ არ ვიყავით ქართველები და ადამიანები? თუ ჩვენ არ გვინდოდა ახალი ცხოვრება? ჩვენ არ გვყავდა ცოლ-შვილი? ჩემი მეწილეები ხომ გაგრიდან ლტოლვილები იყვნენ, უსახლკაროდ დარჩენილები?
თქვენ აქ დარჩით მაშინ, საქართველოში, შევარდნაძის ნაჩუქარი და ქართველებისთვის (ვისაც ფული ჰქონდა ბორჯომის ქარხანაში ჩარიცხული) წართმეული 5 მილიონით. ჩვენ კი დავტოვეთ საქართველო პუტჩისტების, თქვენი, ახვლედიანების და შვარდნაძის წყევლითა და დედის გინებით.
გული მტკივა, როცა ყველანი მამა აბრამის ბატკნები ხართ.
სამწუხაროდ, ამიტომ არ მჯერა თქვენი!

რაც შეეხება “თი-ბი-სი ბანკს”, ის ხელშეუხებელი უნდა იყოს და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აუცილებლად უნდა აშენდეს. ვფიქრობ, ქვეყნის ხელისუფლებას ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი საქართველოს ეკონომიკისთვის და უსაფრთხოებისთვის. ასევე, ჩემი საყვარელი (სამეგრელოს) რეგიონისთვის“, – აღნიშნავს ზურაბ ბიგვავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები