ლადო აფხაზავა: მომავალი განათლებაშია და პრემიერ-მინისტრმა შემოგვთავაზა მეტად მნიშვნელოვანი ინიციატივა, რაც კანონით კიდევ ერთხელ გაამყარა

მომავალი განათლებაშია და პრემიერმინისტრმა შემოგვთავაზა მეტად მნიშვნელოვანი, პოზიტიური ინიციატივა, რაც კანონით კიდევ ერთხელ გაამყარა, – ამის შესახებ მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელთა ათეულის წარმომადგენელმა, პედაგოგმა ლადო აფხაზავამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„სექტორებს შორის რაღაცნაირად, კარგი თანამშრომლობა გამოუვიდათ, რამაც პირადად დიდი იმედები გამიჩინა, რადგან სახელმწიფოში ჩამოვყალიბდით, რომ უპირველესი პრიორიტეტი არის განათლება. ეს ყველაფერი ძალიან მსიამოვნებს“, – განაცხადა აფხაზავამ.

როგორც აფხაზავამ აღნიშნა, ითქვა, რომ ბიუჯეტის 6%-იანი ზრდა იქნება, მაგრამ უკვე აღელვებს ის, თუ რამდენად სწორად დაიხარჯება თანხები.

„უკვე, მაღელვებს, გაძლიერდება თუ არა მასწავლებლები და სკოლა. თუ მასწავლებელს ხელფასი გაეზრდება და სკოლის ინფრასტრუქტურა უკეთესად მოეწყობა, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ეს ინიციატივა ძალიან დადებით როლს შეასრულებს“, – განაცხადა აფხაზავამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა მხრივ დგას პრობლემა სოფელ ჩიბათის სკოლაში და რისთვის არის საჭირო მეტი დაფინანსება, ლადო აფხაზავამ განაცხადა, რომ სოფელ ჩიბათის სკოლაში ძალიან კარგი ინფრასტრუქტურაა და ამ მხრივ, პრობლემებს არ უჩივიან, მაგრამ მაგალითად, ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის მასწავლებლებს შესაბამისი ლაბორატორიები არ აქვთ, რაც ძალიან ცუდ შედეგს იძლევა.

„მასწავლებელი რაც უნდა მოტივირებული იყოს, ბავშვს პრაქტიკული სამუშაო შეასრულებინოს, სასწავლო რესურსები საკმარისი არ არის. ამიტომ, ალბათ, ამ ინიციატივის ფარგლებში, სკოლები სხვადასხვა ლაბორატორიებით აღიჭურვება და უფრო კარგი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. მაგალითად, ჩვენი სკოლა ძალიან კარგადაა მოწყობილი, მაგრამ მინიციპალიტეტში არის ისეთი სკოლები, რომლებსაც ელემენტარულად, ჭერიც კი არ აქვთ და ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან“, – განაცხადა აფხაზავამ.

მისი თქმით, თუ ინიციატივა კარგად წარიმართება, თანხები სწორად უნდა დაიხარჯოს.

„ყოველთვის გავიძახით, რომ ფინანსები გვჭირდება, ფინანსები გვჭირდება. შემდეგ, ფინანსები უკვე გაჩნდა და უკვე აღარ ვიცით, რაში დავხარჯოთ. იმედია, ამჯერად ეს პრობლება არ შეიქმნება, თანხები სწორად დაიხარჯება და ეს ინიციატივა კარგ შედეგებს დადებს. ჩემთვის ძალიან პოზიტიური ინიციატივაა, არც ველოდებოდი და ეს რამდენიმე დღეა, ძალიან გახარებული ვარ“, – განაცხადა ლადო აფხაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები