გია მურღულია: განათლების მიმართულებით ყველაფერი თუ გეგმის მიხედვით განხორციელდება, საქართველო უფრო სწრაფად გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი

ყველაფერი თუ ისე განხორციელდება განათლების მიმართულებით, როგორც დაგეგმილია, შეიძლება, საქართველო უფრო სწრაფად გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, ვიდრე წარმოგვიდგენია, – ამის შესახებ სკოლა „ლოგოსის“ სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა, გია მურღულიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„რასაკვირველია, ეს სათქმელად ადვილია, შესასრულებლად კი, ძალიან ძნელი. ბუნებრივია, კითხვები არსებობს, მაგრამ მხოლოდ რამდენიმეს დავასახელებდი, რა მოლოდინი გვაქვს. ძალიან კარგია, რომ დაფინანსება ასე დრამატულად გაიზარდა. ჩვენ მხოლოდ მოხარული ვართ, მაგრამ მნიშვნელობა იმას აქვს, ფული და ჭკუა ერთმანეთს სადმე შეხვდეს, რაც უფრო სწრაფად, მით უკეთესი და დაფინანსების გაზრდის შემდეგ დაიბადოს სამი მთავარი ამბავი – გაიზარდოს განათლების ხელმისაწვდომობა, ამაღლდეს განათლების ხარისხი და ჩვენი კურსდამთავრებულების კონკურენტუნარიანობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მურღულიამ.

მისი თქმით, ფული იმიტომ კი არ გამოიყო, რომ ვიფიქროთ, არამედ იმიტომ, უკვე რომ ნაფიქრალია და ინახა, ამას რა ფული სჭირდებოდა.

„ამ შემთხვევაში, სახელმწიფომ ეს ნაბიჯი გადმოდგა, რაც ძალიან კარგი ნაბიჯია. აქ არის ლაპარაკი ახალი სკოლების მშენებლობაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე, პროფესიული განვითარების ისეთი სისტემის შექმნაზე, რომელზეც სულ ვლაპარაკობთ, ანაზღაურების, მოტივაციის გაზრდაზე და ა.შ. მიმართულება ძალიან ბევრია, როგორც შინაარსობრივი, ისე მეთოდოლოგიური, ადამიანური რესურსების, თანამედროვე ტექნოლოგიების განხრით და ა.შ.“ – განაცხადა მურღულიამ.

როგორც სკოლა „ლოგოსის“ სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება ისტორიულ გადაწყვეტილებად მოინათლა და თეორიულად, ნამდვილად ასეა.

„ათწლეულების განმავლობაში ვსაუბრობდით იმაზე, რომ თუ ქვეყანაში დაფინანსების თვალსაზრისით გარღვევა არ მოხდება, ისე, მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილებაზე ლაპარაკი საზოგადოებაში ყალბი იმედების გაჩენაა. არაერთხელ გავმხდარვართ ამის მოწმე. ახლა, ეს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ გაჩნდა შესაძლებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ნამდვილად კარგი, გონივრული გადაწყვეტილებაა, მაგრამ გადაწყვეტილება თავისთავად არ ნიშნავს რეალიზებას კარგი იდეებისა, რომლებიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს, თუ განათლების ხარისხის ამაღლება და შესაბამისად, კომპეტენციისა და ცხოვრების დონის ამაღლება გვინდა“, – განაცხადა მურღულიამ.

მისივე თქმით, ძალიან კარგია, რომ შესაძლებლობა გაჩნდა და ახლა, მთავარია, ეს შესაძლებლობა როგორ განხორციელდება.

„ჯერ, დეტალები არ ვიცით, მაგრამ გვაქვს განცდა, რომ ეს საუკეთესო შესაძლებლობაა, გონიერმა ადამიანებმა განათლების სისტემაში საქმე ისე ააწყონ-დაალაგონ, ამან სასურველ შედეგებამდე მიგვიყვანოს“, – განაცხადა გია მურღულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები