12 მარტს ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე აღინიშნება

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევის 100 წლის აღსანიშნავ საიუბილეო ღონისძიებებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის ბოლო, შემაჯამებელი სხდომა გაიმართა.
კომისიის თავმჯდომარემ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ კომისიის წევრებს და ჟურნალისტებს დამფუძნებელი კრების არჩევის 100 წლის აღსანიშნავი საიუბილეო ღონისძიებების რიგითობა გააცნო.
„1919 წლის 12 მარტს, დღევანდელ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიხსნა პირველი დამფუძნებელი კრება და ამ ისტორიული მოვლენის აღსანიშნავად თბილისში და ქვეყნის მასშტაბით, არაერთი ღონისძიება დაიგეგმა. აღსანიშნავია, რომ საიუბილეო ღონისძიებებს უმაღლესი სასწავლებლები, სასკოლო დაწესებულებები და საგამოფენო დარბაზები უმასპინძლებენ. 12 მარტის ღონისძიებები ქაშვეთის ეკლესიიდან დაიწყება, სადაც პარაკლისს გადაიხდიან. შემდგომ ვერის სასაფლაოზე აღმოჩენილ, დამფუძნებელი კრების წევრის, სილიბისტრო ჯიბლაძის საფლავის მონახულება იგეგმება.
12 მარტს, ზუსტად 12:00 საათზე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოვების ცერემონია დაიწყება.
პარლამენტის თავმჯდომარე ღონისძიებაზე მყოფ საზოგადოებას მიმართავს და ეროვნულ ბიბლიოთეკაში შერჩეულ საუკეთესო ნაშრომების ავტორებს დააჯილდოვებს.
საიუბილეო ღონისძიებები 18:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის ფოიეში გახსნილი გამოფენის დათვალიერებით გაგრძელდება, სადაც გამოფენილი ექსპონანტების შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ისაუბრებს. ღონისძიების ფარგლებში, იგეგმება რეჟისორ რობერტ სტურუას მიერ დადგმული სპექტაკლის ჩვენება. პირველი დამფუძნებელი კრების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საიუბილეო საღამოზე მოწვეული სტუმრებისთვის გამართული საზეიმო მიღებით დასრულდება”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
კომისიის თავმჯდომარემ პირველი დამფუძნებელი კრების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამ წელიწადში ჩვენმა ქვეყანამ შეძლო დემონსტრირება მოეხდინა იმ პოტენციალის, რომელიც დემოკრატიულ სახელმწიფოს გააჩნია.
„ბევრი რამ გაკეთდა და ამ სამი წლის განმავლობაში არავის არ დარჩენია შთაბეჭდილება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება შემთხვევით მოხდა. უდიდესი ინტელექტუალური რესურსი იდო საქართველოში, როგორც სახელმწიფოში, რომელსაც ჰყავდა პირველი დემოკრატიულად არჩეული დამფუძნებელი კრება – პარლამენტი”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
გიორგი ვოლსკი დღევანდელ დღეს, ქალთა საერთაშორისო დღის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც ბევრ ევროპულ ქვეყანაში ქალბატონებს არ ჰქონდათ უფლება არჩევით ორგანოებში არა მხოლოდ არჩეული ყოფილიყვნენ, არამედ არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა, საქართველოში ხუთი გამორჩეული ქალბატონი იყო არჩეული და დამატებით ერთი ქალბატონი კიდევ კონსტიტუციის შემუშავების პროცესში აქტიურად მოღვაწეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები