თამარ ტალიაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე “ქალები პოლიტიკაში” სიტყვით გამოვიდა
ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს პარტია “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი თამარ ტალიაშვილი ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე “ქალები პოლიტიკაში” სიტყვით გამოვიდა.
ევროპარლამენტში თანაბარი წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად, მაისში დაგეგმილ არჩევნებში ქალი დეპუტატობის კანდიდატთა ადვოკატირების მიზნით ბრიუსელში ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოს “CEMR” ორგანიზებით, კონფერენცია თემაზე ,,ქალები პოლიტიკაში’’ გაიმართა.
კონფერენციაში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის 60 წარმომადგენელი იღებდა. დამსწრე საზოგადოებას ევროპარლამენტის დეპუტატობის კანდიდატებმა, პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა მიმართეს. აქცენტი დემოკრატიის მაღალი სტანდარტისა და კეთილდღეობის მიღწევის საქმეში, პოლიტიკის განმსაზღვრელ პოზიციებზე ქალებისა და მამაკაცების თანაბარი წარმომადგენლობის მნიშვნელობაზე გაკეთდა.
თამარ ტალიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს გამოცდილებაზე და ქალთა უფლებების დაცვის კუთხით გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რეგიონში პირველი ქალი პრეზიდენტის არჩევის მნიშვნელობას და საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერი ქალი კანდიდატის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებს.
“მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელმაც ევროპული პრინციპების ერთგულება არაერთხელ დაამტკიცა, როგორც ისტორიულად, ისე უკანასკნელ პერიოდში ევროპასთან ასოცირების გზაზე გადადგმული ნაბიჯებით. ევროკავშირი დემოკრატიის ფლაგმანია და ჩვენ სწორებას მასზე ვახდენთ. ევროპარლამენტის არჩევნებში თანასწორობის ღირებულება, როგორ იქნება ასახული და დაცული, ბუნებრივია საქართველოსთვის, ასევე სხვა პრო-ევროპული ქვეყნებისათვის, გეზის მიმცემი იქნება”,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.