კახა კალაძე: ვინ გაავრცელა ეს ტყუილი, თითქოს, რომელიღაც კერძო კომპანია არჩევდეს ადამიანებს პარტიისთვის?

„ვინ მოიგონა და გაავრცელა ეს ტყუილი, თითქოს, რომელიღაც კერძო კომპანია არჩევდეს ადამიანებს პარტიისთვის?“ – ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მისთვის გაუგებარია რატომ გახდა აქტიური ეს საკითხი.
ამასთან, თბილისის მერი განმარტავს, რომ გუნდში ახალი სახეების მიღება არასდროს შეჩერებულა.
„ვინ მოიგონა და გაავრცელა ეს ტყუილი, თითქოს, რომელიღაც კერძო კომპანია არჩევდეს ადამიანებს პარტიისთვის? ცოტა ღიმილისმომგვრელია ეს ინფორმაცია ჩემთვის და მინდა, გითხრათ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება. პარტიაში ყოველთვის მიმდინარეობდა ეს პროცესი, მიმდინარეობს ახლაც და უახლოეს მომავალში იხილავს ამას საზოგადოება. პარტიაში ყოველთვის ხდება განახლება, ყოველთვის ხდება ახალი სახეების შემოსვლა და მე, როგორც პარტიის გენერალური მდივანი, მივესალმები ყოველთვის პარტიაში ახალგაზრდების შემოსვლას, ახალი სისხლის შემოსვლას. ყოველთვის საჭიროა და ყველა განვითარებულ და ნორმალურ ქვეყანაში ასეა”, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნების” კარი ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისი პროფესიონალიზმის გამოყენებაც შეიძლება ქვეყნის განვითარებაში.
„ეს პროცესი დიდი ხანია მიდის, გუშინ არ დაწყებულა. პირდაპირ გეტყვით, 2016 წლიდან ერთადერთი პოლიტიკური გუნდი არის „ქართული ოცნება”, რომელმაც რეალური განახლება მოახდინა და ახალი სახეები შემოიყვანა. ყველა ადამიანისთვის, ვინც გამოადგება ჩვენს სამშობლოს, ვინც არის პროფესიონალი და მათი პროფესიონალიზმის გამოყენება შეიძლება ქვეყნის განვითარებაში, წინსვლაში, ასეთი ადამიანებისთვის პარტიის და ჩვენი გუნდის კარი ყოველთვის ღია იქნება”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები