მამუკა ბახტაძე: ანაკლიის პორტი არის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩემი სტრატეგიისა, საქართველო გავხადოთ რეგიონული ჰაბი

„ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტი არის ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და გახლავთ ნაწილი ჩემი სტრატეგიისა, რომ საქართველო გავხადოთ რეგიონული ჰაბი, მათ შორის ტრანსპორტისა და ლოგისიტიკის მიმართულებით“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლებას ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება არ სურს, პოლიტიკური სპეკულაცია და უპასუხისმგებლობაა.
„არ მგონია, ბევრი ადამიანი არსებობდეს, რომელსაც ისეთი ენერგია და დრო აქვს ინვესტირებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში, როგორიც მაქვს მე, როგორც პრემიერ-მინისტრის, ისე ფინანსთა მინისტრისა და „საქართველოს რკინიგზის” ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში. ჩვენ ყველა დონეზე შევეცადეთ და მივიღეთ ძალიან ძლიერი შედეგი – ყველა წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი ანაკლიას იხილავს პრიორიტეტულ პროექტად. ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა ანაკლიის პორტი ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) პრიორიტეტული პროექტების ნუსხაში შეიტანა. აქედან გამომდინარე, მინდა დავსვა ძალიან ლოგიკური კითხვა – როგორ შეიძლება, ამის შემდეგ ენა მოუბრუნდეს ვინმეს და განაცხადოს, რომ საქართველოს მთავრობას არ სურს ანაკლიის პორტის პროექტის რეალიზაცია?! ეს არის ყველაზე იაფფასიანი პოლიტიკური სპეკულაცია და ამავე დროს უპასუხისმგებლობა, რაც ბოლო პერიოდში მომისმენია. თუ ვინმეს აქვს გაცნობიერებული, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას და ამავდროულად არის პასუხისმგებლობით სავსე მოქალაქე, ის საკუთარ თავს ამის უფლებას არ მისცემს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ამგვარი სპეკულაციები არის აქცენტების არასწორად გადატანის მცდელობა საკითხიდან, რომელიც პროფესიული მსჯელობის საგანი უნდა იყოს.
„მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ანაკლიის პროექტი არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი მთავრობისთვის. ამაზე ბრიუსელშიც ვისაუბრე და მადლობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ პროექტი იდენტიფიცირებულია ევროკავშირის პრიორიტეტულ საინვესტიციო ნუსხაში. ამავე დროს, მადლობას ვუხდი საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც მაღალი პერსპექტივით უყურებენ ამ პროექტს”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები