გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს!

ქალთა საერთაშორისო დღე ყოველი წლის 8 მარტს აღინიშნება და ის ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაულია. პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტურმა პარტიამ აღნიშნა.
ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა XX საუკუნის დასაწყისში დაიბადა. სწრაფი მსოფლიო ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკური ექსპანსიის ეპოქაში ხშირი იყო მასობრივი პროტესტები მუშათა აუტანელი სამუშაო პირობების გამო. ერთ-ერთი პირველი ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალთა გაფიცვა 1857 წლის 8 მარტს იყო. მომდევნო წლებში 8 მარტს უფრო მეტი და ფართომასშტაბიანი პროტესტი ახლდა. 1908 წელს ნიუ-იორკის ქუჩებში 15 ათასი ქალი გამოვიდა მოკლე სამუშაო დღის, უკეთესი ანაზღაურებისა და არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოთხოვნით. 1910 წელს, სოციალისტ-ინტერნაციონალმა კოპენჰაგენში პირველი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარა. ამ ყრილობაზე გავლენიანი გერმანელი სოციალისტის, კლარა ცეტკინის ინიციატივით დაფუძნდა ქალთა საერთაშორისო დღე. ქალთა სოლიდარობის სახელით, მომდევნო წლის 8 მარტს მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ავსტრიაში, დანიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში. 1913 წლის 8 მარტს, პირველი მსოფლიო ომის დაწყების წინ ქალებმა მთელი ევროპის მასშტაბით მოაწყვეს სამშვიდობო მსვლელობა.
1917 წლის რუსეთის რევოლუციის გამომწვევი პირველი ნაპერწკალი ქალთა საერთაშორისო დღისადმი სოლიდარობის მიზნით ორგანიზებული დემონსტრაცია გახდა. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, ბოლშევიკმა ალექსანდრა კოლონტაიმ ლენინი დაითანხმა, რომ ეს დღე ოფიციალური დღესასწაული გამხდარიყო, თუმცა ის სამუშაო დღედ ითვლებოდა. 1965 წლის 8 მაისს სსრკ-ის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, ქალთა საერთაშორისო დღე უქმედ გამოცხადდა „საბჭოთა ქალთა უდიდესი დამსახურების გამო კომუნისტურ აღმშენებლობაში, დიდ სამამულო ომში სამშობლოს დაცვისას ფრონტსა და ზურგში, ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცებისა და მშვიდობისთვის ბრძოლაში“.
8 მარტი ოფიციალურ დღესასწაულად და უქმე დღედ რჩება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც.
დასავლეთში ქალთა საერთაშორისო დღე 1920-იანი წლების ბოლომდე მასშტაბურად აღინიშნებოდა. თუმცა შემდეგ, კომუნისტებთან ასოცირების გამო, მისმა პოპულარობამ იკლო. 1960-იან წლებში, ფემინიზმის აღმავლობის ჟამს, ეს თარიღი ისევ გახდა პოპულარული. 1975 წელი ქალთა საერთაშორისო წლად გამოცხადდა და, ამასთან დაკავშირებით, გაერომ ქალთა საერთაშორისო დღის დაფინანსების ნებართვა გასცა.
ამჟამად არსებული ქალთა უფლებების დაცვის მოძრაობები ყოველი წლის 8 მარტს მრავალ ღონისძიებას ატარებს. ქალთა გლობალური ასოციაციის, „ავრორას“ საიტზე ადგილობრივ ღონისძიებათა დარეგისტრირებაა შესაძლებელი. ეს ხელს უწყობს ქალთა უფლებების დაცვის სფეროში ადგილობრივი მოვლენების მსოფლიო მასშტაბით გაშუქებას. მრავალი ქვეყნის მთავრობა და ბევრი ორგანიზაცია მხარს უჭერს ქალთა საერთაშორისო დღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები