მარიამ ჯაში: განათლების 6%-იანი დაფინანსების მიღება იქნება ის ისტორიული გადაწყვეტილება , რომელსაც მომავალ თაობებს დავუტოვებთ

„განათლების 6%-იანი დაფინანსების მიღება იქნება ის ისტორიული გადაწყვეტილება ,რომელსაც მომავალ თაობებს დავუტოვებთ„ – განაცხადა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.

მისი თქმით, დღეს იყო მიღებული სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება მისივე თქმით, განათლებაში სახელმწიფო ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა ყოველწლიურად მოხდება.

„ვფიქრობთ,მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში სულ მცირე ნახევარი პროცენტით უნდა გაიზარდოს, როგორც 2020 ასევე 2021 წლებში და უკვე 2022 წელს ჩვენ უკვე მივაღწევთ 6%-იან ნიშნულს. ჩვენ ვაყენებთ უმნიშვნელოვანეს, ამბიციურ ინიციატივას . 2022 წლისთვის სულ მცირე 2 ნახევარჯერ გაიზრდება განათლების დაფინანსება სახელმწიფო რესურსების ხარჯზე, რაც პირდაპირ აისახება კერძო სექტორის დაინტერესებაზე. ეს ნიშნავს ახალ სკოლებს,ახალ ბაღებს და პედაგოგების უკეთეს ანაზღაურებას. მასწავლებლის პროფესია გახდება პრესტიჟული , განათლების სისტემა შინაარსობრივად და ხარისხობრივად გახდება მნიშვნელოვნად განსხვავებული. როგორც ჯანდაცვაში მოვახდინეთ ფუნდამენტური ცვლილება,ესეთივე რადიკალური ცვლილებები უნდა მოხდეს განათლების სისტემაში“ – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი თქმით, ცვლილებები დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულებით. პირველი ინვესტიცია უნდა მოხდეს საბავშვო ბაღებში, მეორე საფეხური იქნება სკოლები.

„თითოეულ ბავშვს კონსტიტუციის დონეზე უნდა ჰქონდეს გარანტირებული უფასო საბაზო განათლება. მაქსიმალური აქცენტი უნდა გავაკეთოთ პედაგოგების ანაზღაურების ზრდაზე , რომ მოხდეს პროფესიული მოტივაცია და გაუმჯობესდეს სწავლების ხარისხი , რათა დამატებითი მომზადება არ იყოს აუცილებელი. დაგეგმილია როგორც სახელმძღვანელოების ცვლილება, რომელიც დაწყებულია, ასევე პედაგოგთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების გარკვეული ცვლილება, რომელიც დაეფუძნება კოლეგიალურ და არა დამსჯელობით მიდგომას, როგორც იყო წლების მანძილზე. არ დარჩება არცერთი ქალაქი და მუნიციპალიტეტი, სადაც საჭიროების მიხედვით არ აშენდება უკეთესად აღჭურვილი სკოლები, საბავშვო ბაღები, იქნება სპორტული და სახელოვნებო ინვესტციების შესაძლებლობა. ეს იქნება ის საფუძველი, რომელიც მოგვცემს განათლების სისტემაში ძირეული ცვლილებების შესაძლებლობას“ – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები