თავდაცვის ძალებს 54 სამხედრო მოსამსახურე შეემატა (ფოტოკოლაჟი)

0

საქართველოს თავდაცვის ძალებს 54 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. წვევამდელებმა სამხედრო ფიცი IV მექანიზებულ ბრიგადაში საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალთან დადეს.
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ და IV მექანიზებული ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და სამხედროებს თავდაცვის ძალებში გაწევრიანება მიულოცეს. აღმოსავლეთის სარდალმა წარჩინებული ჯარისკაცები მადლობის სიგელებითაც დააჯილდოვა.
ფიცის დადების შემდეგ, სახელმწიფო ენის შემსწავლელი პროგრამის ფარგლებში, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელ წვევამდელებს სახელმწიფო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატებიც გადაეცათ. კურსს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის პედაგოგები უძღვებოდნენ.
რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT) IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე გაიარეს. 10 კვირის განმავლობაში წვევამდელებმა ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს. მათ სადისციპლინო და საყარაულო წესდებებიც შეისწავლეს. ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით ისარგებლებენ და უქმე დღეების სარგებლობის საშუალებაც ექნებათ.
სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვის ძალებში ერთი წლის განმავლობაში IV მექანიზებულ ბაზაზე იმსახურებენ.

კომენტარები

კომენტარი