პარლამენტში ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი და მემორიალური დაფა გაიხსნა

„ყველას გვახსოვს ის ტკივილი, რომელიც დაკავშირებულია როგორც აფხაზეთის დაკარგვასთან, ასევე, ჟიული შარტავას გმირულად დაღუპვასთან. ეს ადამიანი დღემდე გმირობის მაგალითს გვაძლევს”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას სახელობის დარბაზისა და მემორიალური დაფის გახსნაზე განაცხადა.
მემორიალური დაფა და დარბაზი საქართველოს პარლამენტის სასახლეში ირაკლი კობახიძემ ჟიული შარტავას ოჯახის წევრებთან ერთად გახსნა და საქართველოს ეროვნული გმირის თავდადების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ჟიული შარტავას სახელობის დარბაზს რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ახალი დატვირთვა მიენიჭება.
„მოხარულები ვართ, რომ ამ სივრცეს ჟიული შარტავას სახელი ეწოდება. მინდა, ასევე, აღვნიშნო, რომ დაგეგმილია ამ სივრცის რეაბილიტაცია, ამ სივრცეს მიენიჭება ახალი დატვირთვა და სტუმრებს ექნებათ საშუალება, რომ ყოველდღიურად გაიხსენონ ბატონი ჟიული შარტავას სახელი, როდესაც მობრძანდებიან ამ სივრცეში. ჟიული შარტავას სახელი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თითოეულ ჩვენგანს, რომ ჩვენი ქვეყანა საჭიროებს ჩვენს თავდადებას და ჩვენი საქმიანობის თითოეული დღე უნდა იყოს გამსჭვალული ამ სულისკვეთებით”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს.
საქართველოს ეროვნული გმირის სახელობის დარბაზისა და მემორიალური დაფის გახსნას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ჟიული შარტავას ოჯახის წევრები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები