„ჩვენ უნდა შევძლოთ კოოპერატივების გაძლიერება, როგორც ეს არის ევროპის ქვეყანებში”

„ჩვენ უნდა შევძლოთ კოოპერატივების გაძლიერება, არა რაოდენობის გაზრდა, არამედ მათი გამსხვილება, როგორც ეს არის ევროპის ქვეყანებში”, – ამის შესახენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატის ფარგლებში, პარლამენტში წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მასშტაბით 1111 სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივია რეგისტრირებული, რომელთა სწრაფი განვითარებისათვის შემუშავებულია და ხორციელდება არაერთი სახელმწიფო პროგრამა.
„ჩვენ მივიღეთ კანონი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ, შეიქმნა სააგენტო, რომელიც ხელს შეუწყობს ასეთი კოოპერატივების ჩამოყალიბებას. 1000-ზე მეტი ასეთი კოოპერატივია, ეს არის თვისობრივად ახალი ფორმა; ჩვენ უნდა შევძლოთ კოოპერატივების გაძლიერება, არა რაოდენობის გაზრდა, არამედ მათი გამსხვილება, როგორც ეს არის ევროპის ქვეყანებში”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში 10 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია ჩართული.
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაერთიანებულ 210-ზე მეტ მეპაიეს, რომელთა საკუთრებაში არსებული საქონლის რაოდენობა 2000 ფურზე მეტს შეადგენს, შესაძლებლობა ეძლევა სტანდარტების დაცვით აწარმოონ რძის პროდუქტები. მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში 10 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ჩაერთო, რომელშიც გაერთიანებულია 204 მეპაიე, მობილიზებული ვენახის რაოდენობა 219 ჰა-ს შეადგენს. ყურძნის გადამმუშავებელი 5 კოოპერაციული საწარმო უკვე ამოქმედდა, 5 საწარმოს მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება. მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში, 2018 წელს 10 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ჩაერთო, რომელშიც გაერთიანებულია 300-ზე მეტი მეპაიე, მობილიზებული საქონლის რაოდენობა კი 2200 ფურს შეადგენს. მათ 25 წლიანი იჯარის უფლებით გადაეცემათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრები და თანადაფინანსებით საქონლის საკვების წარმოებისათვის საჭირო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. დუშეთის მუნიციპალიტეტის უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდა რძის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობა, მიმდინარეობს საწარმოს აღჭურვა, საწარმო დღიურად 1,5 ტონა რძეს გადაამუშავებს“,- აღნიშნა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის და ბრენდირების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია მიმდინარეობს. აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვაში ფინანსურ მხარდაჭერას და მათთვის მარკეტინგული მასალების მომზადებას, ბრენდირებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები