„ახალგაზრდა ადვოკატები“ და ბიზნესმენი ლისის ტბის საქმეზე მამუკა ხაზარაძის დაკითხვას ითხოვენ

„ახალგაზრდა ადვოკატები“ და ბიზნესმენი რამაზ ახვლედიანი პროკურატურას მიმართავენ და ლისის ტბის საქმეზე მამუკა ხაზარაძე მოწმის სტატუსით დაკითხვას, ასევე, რამაზ ახვლედიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რამაზ ახვლედიანისთვის ლისის ტბის იძულებით ჩამორთმევის ფაქტებზე ისაუბრეს და სამართლებრივი დავის დეტალები გაიხსენეს.
ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილის თქმით, საქმე წარმოებაში პრეცედენტული სტატუსით უზენაესმა სასამართლომ უკვე მიიღო და ამ დავის პოლიტიკური ბრძოლის მოტივით წარმოჩენა არასწორია. მისივე თქმით, თუ საქართველოში ლისის ტბის საქმე არ დაიძვრება, ის გეგმავს სარჩელით საერთაშორისო სასამართლოს მიმართოს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ინფორმაციით, რამაზ ახვლედიანი 2006 წლის 4 ნოემბერს იძულებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა – ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა.
„წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მეექვსე დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა. მოგვიანებით, ჩამორთმეული ქონება, პირდაპირი მიყიდვის წესით, რამაზ ახვლედიანის ბიზნესპარტნიორ მამუკა ხაზარაძეს გადაეცა”,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები