ფოლკლორის ცენტრი ქალთა საერთაშორისო დღეს იმ ქალბატონებს მიულოცავს, რომლებმაც ძუძუს კიბო დაამარცხეს

8 მარტს, 14:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრი იმ ქალებს უმასპინძლებს, რომლებმაც ძუძუს კიბო დაამარცხეს და მათ ქალთა საერთაშორისო დღეს მიულოცავს.
როგორც „კვირას“ ფოკლორის ცენტრიდან აცნობეს,  „გამარჯვებულ ქალთა კლუბის წევრებთან“ შეხვედრაზე, ფოლკლორის ცენტრში, მათ ქალთა საერთაშორისო დღეს მიულოცავენ. გამარჯვებული ქალებისთვის მხარდამჭერ ღონისძიებაზე ფოლკლორული ანსამბლები – „ბასიანი“, „დიდგორი”, „იალონი“, გელა დონაძე და ანუკი ცქვიტინიძე, ანსამბლი „კელაპტარი” იმღერებენ. ასევე, მონაწილეობას მიიღებს პოეტი და ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე.
მოეწყობა ქალების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთებისა და ქალთა კლუბის 2019 წლის კალენდრის გამოფენა. ქალები საკუთარი გამარჯვების ისტორიებს მოყვებიან და კიდევ ერთხელ გვაჩვენებენ, რომ დაავადების დამარცხება შესაძლებელია. ქალთა საერთაშორისო დღეს, ღონისძიებით ფოლკლორის ცენტრი ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საქმეში.
„გვინდა მხარდაჭერა და თანადგომა გამოვხატოთ იმ ქალების მიმართ, ვისაც ეს დღეს ძალიან სჭირდება. ჩვენ გვსურს ავიღოთ მათზე სოციალური პასუხიმგებლობა და მივცეთ შესაძლებლობა, უსასყიდლოდ შეისწავლონ ქართული გალობა და ხალხური სიმღერები. ხელოვნება, კულტურა და ფოლკლორი – ეს ხომ ის ნაზავია, რაც ადამიანის სულს აჯანსაღებს, ამიტომ ჩვენ გვინდა გვერდში დგომა სამომავლოდ ასე გამოვხატოთ. „გამარჯვებულ ქალთა კლუბი“ პირველი გაერთიანებაა საქართველოში, რომელიც საზოგადების ყურადღების მიპყრობას ძუძუს კიბოს გარშემო ცდილობს. ის საქართველოს მასშტაბით 600-ზე მეტ წევრს აერთიანებს, რომლებსაც ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ დახმარებას უწევს. ქალბატონები ებრძვიან საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტიგმას და ცდილობენ დაგვანახონ, რომ სრულყოფილი ცხოვრების გაგრძელება დიაგნოზის დასმის შემდგომაც შესაძლებელია. კლუბში გაერთიანება ნებისმიერ მსურველს შეუძლია“, – აცხადებენ ფოკლორის ცენტრში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები