ლევან დავითაშვილი: ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზიები უქმდება
ახალი „ტყის კოდექსით“ ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზიები სრულად უქმდება, – ამის შესახებ პარლამენტში გამოსვლისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, დაიწყო სატყეო სექტორის მასშტაბური რეფორმა, შემუშავდა „ტყის კოდექსის“ კანონპროექტი, რომელსაც ტყის ახალი განმარტება შემოაქვს და სრულად უქმდება ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზიები.
„ნაცვლად ამისა, შემოდის მდგრადი სატყეო მეურნეობის მართვის მოდელი. კანონპროექტის განხილვა დაგეგმილია საგაზაფხულო სესიაზე“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით სატყეო-სამეურნეო გზების რეაბილიტაცია განახორციელა, რაც ხელს უწყობს ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს. აგრეთვე, მოსახლეობას სააგენტოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფებიდან საშეშე მერქნის გამოტანას უმარტივებს.