კახა კალაძე: განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და არა პრივილეგია

„განათლებით სიღარიბის დაძლევის ეროვნული გეგმა არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც მოქალაქეების დასაქმებას, მათი კვალიფიკაციის ამაღლებასა და ღირსეული ანაზღაურების, ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას უზრუნველყოფს სამომავლოდ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივის “განათლება – გზა თავისუფებისკენ” წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ინიციატივა, ახალ ეროვნულ იდეად იქცევა, რომელიც მთელ საზოგადოებას გააერთიანებს და ქვეყნის თავისუფალი მომავლის ფუნდამენტად იქცევა.
„დღეს, საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი ინიციატივა და ამბიციური გეგმა გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უპრეცედენტო ვალდებულებას აიღებს და ყოველწლიურად, მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს, დღეს არსებული ბიუჯეტის მეოთხედს, განათლების სფეროს სწრაფი განვითარებისთვის წარმართავს.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ინიციატივა, ახალ ეროვნულ იდეად იქცევა, რომელიც მთელ საზოგადოებას გააერთიანებს და ჩვენი ქვეყნის თავისუფალი მომავლის ფუნდამენტად იქცევა.
ეს გზა სწორედ უმაღლესი ხარისხის განათლებაზე გადის და გრძელვადიან პერსპექტივაში ოკუპაციისგან, სიღარიბისგან, უმუშევრობისა თუ სხვა გამოწვევებისგან ჩვენი ქვეყნის, მომავალი თაობების თავისუფლებას უზრუნველყოფს.
განათლებით სიღარიბის დაძლევის ეროვნული გეგმა არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც მოქალაქეების დასაქმებას, მათი კვალიფიკაციის ამაღლებასა და ღირსეული ანაზღაურების, ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას უზრუნველყოფს სამომავლოდ.
პირადად ჩემთვის, უცხო არ არის ის გრძნობა, როდესაც დასახული მიზნის მისაღწევად, პროფესიული გამოცდილების თუ შესაბამისი განათლების მისაღებად ქვეყნის გარეთ გიწევს წასვლა, იქ წარმატების მიღწევა და ამ წარმატების საკუთარ სამშობლოში ჩამოტანა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და არა პრივილეგია.
ამასთან, კახა კალაძის განცხადებით, წლების განმავლობაში, განათლებაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული იყო, როგორც ბიუროკრატიული ბარიერების, ისე ფინანსური კუთხით.
„ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი პირობები, რომ ხარისხიანი განათლების მისაღებად უცხოეთში წასვლა აუცილებელი არ იყოს და ამას ჩვენს სამშობლოში მიღებული განათლებით ვახერხებდეთ.
ყველას გვსურს, რომ ჩვენი შვილები აქ, საქართველოში იღებდნენ იგივე დონის ცოდნას, რასაც ევროპის თუ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებსა თუ სკოლებში მიიღებდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სურვილს, გაჟღერებული ინიციატივის მეშვეობით, ერთიანი ძალისხმევით, რეალობად ვაქცევთ.
განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და არა პრივილეგია. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში, განათლებაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული იყო, როგორც ბიუროკრატიული ბარიერების, ისე ფინანსური კუთხით. ახალგაზრდებს და ხშირად მათ ოჯახებს ვალების აღება უწევდათ, რათა ხარისხიანი განათლება და შესაბამისად, ღირსეული ცხოვრების პერსპექტივა მიეღოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა სიტყვით გამოსვლისას ღვაწლმოსილ პედაგოგებს მადლობა გადაუხადა, რომლებმაც თაობები აღზარდეს.
მისივე თქმით, სწორედ ასეთი საამაყო პედაგოგები მეტ ყურადღებას იმსახურებენ.
„მინდა, ასევე, ჩემი პატივისცემა დავაფიქსირო იმ ადამიანების მიმართ, ვინც თაობები აღზარდეს და ეს იმ ფონზე, როდესაც მათი სამუშაო პირობები თუ ანაზღაურება, რბილად რომ ვთქვათ, რეალურ საჭიროებებს აცდენილი იყო. ჩვენი საამაყო პედაგოგები მეტ მხარდაჭერას, ყურადღებას იმსახურებენ და დარწმუნებული ვართ, განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ნაბიჯები პედაგოგის პროფესიას ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებადს და მიმზიდველს გახდის.
მე, როგორც ქალაქის მერი, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ აღნიშნულ ინიციატივას და ჩვენის მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა განათლებაზე ხელმისაწვდომობა თბილისის ყველა რაიონში და ყველა თაობისთვის გაიზარდოს. ჩვენ ყველა უბანში ხარისხიანი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნას შევუწყობთ ხელს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძე სიტყვით გამოსვლისას საბავშვო ბაგა-ბაღების მშენებლობებსაც შეეხო.
მისი განცხადებით, მომდევნო წლებში მთავრობას საბავშვო ბაგა-ბაღების ახალი მშენებლობები აქვს დაგეგმილი.
„2012 წლის შემდეგ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბაღები უფასო გახდა და ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ყოველწლიურად იზრდება ბაღში შემსვლელი ბავშვების რაოდენობა. შესაბამისად, ჩვენ ვდგავართ ახალი გამოწვევების წინაშე. საჭიროა, დამატებითი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი პატარების სრულფასოვანი აღზრდა და მივცეთ შესაძლებლობა, შესაბამის პირობებში მიიღონ განათლება. ჩვენ ამას გავაკეთებთ და დაგეგმილი გვაქვს მომდევნო წლების განმავლობაში რამდენიმე ათეული ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა.
სწორედ ამ ასაკიდან იწყება განათლების მიღება და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბება, რასაც შემდგომი ეტაპები მოჰყვება. განათლების აბსოლუტურ პრიორიტეტად გამოცხადება, რეფორმით გათვალისწინებულ ხუთივე დონეს უდიდეს პროგრესს მოუტანს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს ინიციატივას და დარწმუნებული ვარ, მთავრობის ინიციატივით, ფინეთთან, ნორვეგიასთან და სინგაპურთან ერთად, საქართველო მსოფლიოს მეოთხე ქვეყანა გახდება, რომლის უმთავრესი პრიორიტეტი განათლებაა. მინდა, წარმატებები გისურვოთ და ვუსურვო ჩვენს ქვეყანას“ – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ახალი ინიციატივა “განათლება – გზა თავისუფლებისკენ” წარადგინა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდი აცხადებს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ყველაზე გამბედავ და მასშტაბურ იდეას – განათლების ეროვნულ კონცეფციას, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო აიღებს უპრეცედენტო ვალდებულებას, რომ, ყოველწლიურად, ქვეყნის ეროვნული დოვლათის 6 პროცენტი, დღეს არსებული ბიუჯეტის მეოთხედი წარმართოს განათლების სფეროს სრული ტრანსფორმაციის, მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და სამაგალითო განათლების ქართული სკოლის დასაფუძნებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები