ანრი ოხანაშვილი კრისტიან ურსეს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში, კრისტიან ურსეს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემები იყო საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
„დღეს მქონდა პირველი ოფიციალური სამუშაო შეხვედრა კრისტიან ურსესთან. ჩვენ გავუცვალეთ ერთმანეთს აზრები იმ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რომელსაც ვგეგმავთ. ეს შეეხება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას საქართველოს მიერ და სასამართლოს რეფორმის მეოთხე ტალღის გაგრძელებას. ამ მიმართულებებით ჩვენ ვგეგმავთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას. ბატონი ურსე და ევროსაბჭო მხარს უჭერენ საქართველოში რეფორმების გაძლიერებას და გაგრძელებას და მე მჯერა, რომ ჩვენ ძალიან მჭიდრო და კარგი თანამშრომლობა გველის წინ”, – აღნიშნა შეხვედრის კომენტირებისას ანრი ოხანაშვილმა.
საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელის კრისტიან ურსეს განცხადებით, საქართველოს პარლამენტი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ევროსაბჭოს დიდი ხნის პარტნიორები არიან.
„ჩვენ გვქონდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მჭიდრო და დიდი ხნის თანამშრომლობა აქვს ევროპის საბჭოსთან. ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები და ვმუშაობთ ისეთ თემებზე, როგორიცაა: ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, კიბერდანაშაული და სხვა მიმართულებები. ჩვენ განვიხილეთ მიმდინარე თანამშრომლობის პერსპექტივები მომავალი ჩართულობისთვის”, – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ კრისტიან ურსემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები