თამარ ჯაყელი: 18 წელია განათლების სისტემაში ვარ და პირველად ვხედავ ასეთ მნიშვნელოვან ძვრებს
განათლების ექსპერტი თამარ ჯაყელი მთავრობის ახალ ინიციატივას „განათლება – გზა თავისუფლებისკენ” აფასებს და ამბობს, რომ განათლების სისტემაში ასეთი მნიშვნელოვანი ძვრები არასდროს მომხდარა.
“ვფიქრობ, რომ განათლებისთვის ასეთი მნიშვნელობის მინიჭება ეფუძნება ძალიან ღრმა და მართებულ ხედვას. დიდი ხანია დარწმუნებული ვარ იმაში, რომ განათლების გარეშე ჩვენ მომავალს ვერ შევქმნით. ერი ეს არის განათლებულ პიროვნებათა კრებული. უამისოდ ვერც თავისუფლების გზას გავიკვალავთ, ვერც მოვიპოვებთ ,ვერც შევინარჩუნებთ თავისუფლებას, ვერც კულტურულ აღორძინებას ხელს ვერ შევუწყობთ იმიტომ, რომ როდესაც დიდი უმრავლესობა რჩება გაუნათლებელი, ეს ქმნის ისეთ ინერტულ მასას, რომელიც აფერხებს ყველანაირ წინსვლას, ყველანაირ პროგრესს, მასა, რომელიც ხდება მანიპულირების საგანი, რომელიც როგორც უნდათ ისე შეუძლიათ მტრულ ძალებს რომ მართონ. ამიტომ ჩვენი ქვეყნის მომავალი, სიძლიერე, თავისუფლება რეალურად არის ჩვენს ხელში, ამისთვის განათლებულ ერად უნდა ჩამოვყალიბდეთ. 18 წელია განათლებაში ვარ, პირველად ვხედავ ისეთ მნიშვნელოვან ძვრებს. ამიტომ, ეს მაძლევს სრულ იმედს იმისას, რომ ამის უკან ყოველივე ამის უკან დგას ძლიერი ნება”,- განაცხადა თამარ ჯაყელმა.
ცნობისთვის, როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, “სახელმწიფო აიღებს უპრეცედენტო ვალდებულებას, რომ ყოველწლიურად, ჩვენი ეროვნული დოვლათის 6%, ანუ დღეს არსებული ბიუჯეტის მეოთხედი წარმართოს განათლების სფეროს სრული ტრანსფორმაციის, მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და სამაგალითო განათლების ქართული სკოლის დასაფუძნებლად“.