“მშპ-ს 6% ნიშნავს ახალ ინფრასტრუქტურას, ახალი ლაბორატორიული ბაზების შექმნას”
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის შეფასებით, 6% მშპ ნიშნავს ახალ ინფრასტრუქტურას, ახალი ლაბორატორიული ბაზების შექმნას და საცდელი მეურნეობების გაკეთებას.
ამის შესახებ ფრანგიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილი ახალი ინიციატივის “განათლება – გზა თავისუფლებისკენ”კომენტირებისას განაცხადა.
„ძალიან სერიოზული განაცხადია, უპრეცედენტო შესაძლებლობებს აძლევს განათლების სისტემის რეფორმირებისთვის. 6% მთლიანი შიდა პროდუქტის ნიშნავს ახალ ინფრასტრუქტურას, ტექნოლოგიური ტრანსფერების შესაძლებლობას, ახალი ლაბორატორიული ბაზების შექმნას, საცდელი მეურნეობების გაკეთებას. მოკლედ, ეს არის მთელი სპექტრი იმ სერიოზული, ასე ვთქვათ პროგრესის, რომელიც შეიძლება მოყვეს ამხელა ფინანსირებას. ეს მართლაც უპრეცედენტო შემთხვევაა, აბსოლუტურად მივესალმებით. ეს შექმნის რეალურად შესაძლებლობას სერიოზული რეფორმის განხორციელებისთვის”,- განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა.
ცნობისთვის, როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, “სახელმწიფო აიღებს უპრეცედენტო ვალდებულებას, რომ ყოველწლიურად, ჩვენი ეროვნული დოვლათის 6%, ანუ დღეს არსებული ბიუჯეტის მეოთხედი წარმართოს განათლების სფეროს სრული ტრანსფორმაციის, მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და სამაგალითო განათლების ქართული სკოლის დასაფუძნებლად“.