საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა “საპარტნიორო ფონდის” რეიტინგი “BB/სტაბილურამდე” გაზარდა
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობა დადებითად შეაფასა და 2019 წლის სარეიტინგო ანგარიშში ასახა. სააგენტომ ფონდის მაჩვენებელი გააუმჯობესა და “BB-“- დან „BB/სტაბილურამდე“ გაზარდა.
როგორც “კვირას” “საპარტნიორო ფონდიდან” აცნობეს, სახელმწიფოს უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტის რეიტინგის ზრდა ინვესტორებისთვის სერიოზული სიგნალია. მათივე ინფორმაციით, „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობა პოტენციური პარტნიორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება.
“Fitch-ის მიერ „საპარტნიორო ფონდისთვის“ რეიტინგის „BB/სტაბილურამდე“ გაზარდა საქართველოში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების ეფექტიანობას ადასტურებს, რაც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე აისახება.
Fitch-ის ანგარიშში საუბარია საქართველოს პოზიციონირებისა და „საპარტნიორო ფონდის“ როლის შესახებ. კერძოდ, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან ისეთ სექტორებში, როგორებიც არის სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, მრეწველობა, უძრავი ქონება და ტურიზმი.
Fitch-ის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, კერძო და სახელმწიფო ფონდების ოპერირების ნაწილში „საპარტნიორო ფონდის“ სტრუქტურა, მენეჯმენტი და ოპერირების არეალი დადებითად არის შეფასებული. აღსანიშნავია, რომ „Fitch“-ის რეიტინგებში „საპარტნიორო ფონდის“ რეიტინგი ყოველწლიურად უტოლდება საქართველოს სუვერენულ რეიტინგს და ამჟამად იგი “BB” -ს შეადგენს.
მნიშვნელოვანია, რომ „საპარტნიორო ფონდისთვის“ ამ ეტაპზე „BB /სტაბილური პროგნოზით“ წარმოადგენს მაქსიმუმს, რაც შეიძლება მიღწეულ იქნას Fitch-ისგან, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც სახელმწიფო საწარმო თავად სახელმწიფოზე მჭიდროდაა ინტეგრირებული საერთაშორისო ბაზრებთან. მნიშვნელოვანია, რომ ფონდის მსგავსი ტიპის საწარმოებისთვის სუვერენული რეიტინგი ზედა ზღვარს წარმოადგენს”,-ნათქვამია “საპარტნიორო ფონდის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს პოზიციონირება გააუმჯობესა და “BB-” დან “BB”-ზე დააფიქსირა „სტაბილური პროგნოზით“. „ქვეყნის დიდი წარმატება“, – ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ საქართველოს პოზიციის „BB“ დონემდე გაზრდას.
„დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა ფართო რეგიონში, რომელიც Fitch-ის რეიტინგში დაწინაურდა. ეს დაწინაურება ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ეკონომიკა უფრო მეტად კონკურენტუნარიანია, ჩვენ შევძლებთ მეტი ინვესტიციის მოზიდვას და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას; ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ეკონომიკაში უკვე ნაკლები რისკი გვაქვს, რაც აისახება იმაზე, რომ საპროცენტო განაკვეთები კრედიტებზე კიდევ უფრო გაიაფდება”,- განაცხადა ბახტაძემ.
Fitch-ი Moody’s-ის შემდეგ მეორე შემფასებელია, რომელმაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა. ცნობისათვის, საქართველოს საინვესტიციო რეიტინგის მიღებამდე 2 საფეხური აკლია.