მამუკა ბახტაძე: განათლებაში ბიუჯეტის მეოთხედის ინვესტირებით ჩვენ მივაღწევთ, რომ საქართველო იქნება ყველაზე განათლებული ქვეყანა, ქართველი ერი კი ყველაზე განათლებული ერი მსოფლიოში

„საქართველოს ჰყავს ორი მტერი – ოკუპაცია და სიღარიბე. საოკუპაციო ხაზი და ეკონომიკური სიდუხჭირე არის ის, რაც არ გვაძლევს სრულფასოვანი განვითარების შესაძლებლობას, ის, რასთან შეგუებაც შეუძლებელია, ის, რისი დაძლევისთვის ბრძოლაც გახლავთ თითოეული ჩვენგანის მთავარი ცხოვრებისეული მიზანი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძის ახალი ინიციატივის “განათლება – გზა თავისუფებისკენ” წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწევს, როცა ქვეყანა მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან ნიშნულზე გადავა, რაც ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს.

„მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ცოტა ვღელავ, ვღელავ იმიტომ, რომ დღეს უნდა ვისაუბრო იმ თემაზე, რომელიც ჩემთვის პირადად და ჩემი მეგობრებისთვის არის მთავარი მოტივატორი, თუ რატომ ვარ მე ქართულ პოლიტიკაში.

საქართველოს ჰყავს ორი მტერი – ოკუპაცია და სიღარიბე. საოკუპაციო ხაზი და ეკონომიკური სიდუხჭირე არის ის, რაც არ გვაძლევს სრულფასოვანი განვითარების შესაძლებლობას, ის, რასთან შეგუებაც შეუძლებელია, ის, რისი დაძლევისთვის ბრძოლაც გახლავთ თითოეული ჩვენგანის მთავარი ცხოვრებისეული მიზანი.

დღეს „ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდი აცხადებს, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ყველაზე გამბედავ და მასშტაბურ იდეას – განათლების ეროვნულ კონცეპციას, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო აიღებს უპრეცედენტო ვალდებულებას, რომ, ყოველწლიურად, ჩვენი ეროვნული დოვლათის 6 პროცენტი, ანუ დღეს არსებული ბიუჯეტის მეოთხედი წარმართოს განათლების სფეროს სრული ტრანსფორმაციის, მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და სამაგალითო განათლების ქართული სკოლის დასაფუძნებლად.

ჩვენ ყოველთვის გვქონდა სწრაფვა და ჯანსაღი ამბიცია იმისკენ, რომ ვყოფილიყავით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის. ძველი ბერძენი გეოგრაფების ჩანაწერებში ვკითხულობთ, რომ ანტიკურ საქართველოში იყო „აყვავებული” ქალაქები. ამ ტერმინში, პირველ რიგში, იგულისხმებოდა განათლების ცენტრები, ისეთები, როგორიც იყო, მაგალითად, ფაზისის რიტორიკული სკოლა. შუა საუკუნეებში ინტენსიურად ვითარდებოდა მეცნიერების კერები იყალთოსა  და გელათის აკადემიებში, რომელსაც თანამედროვეები „ახალ ათინად” და „მეორე იერუსალიმად” იხსენიებდნენ. ქართველები აფუძნებდნენ სასწავლო ცენტრებს და ბიბლიოთეკებს საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის მონასტრებში, ჩვენი სწავლულები მოღვაწეობდნენ სინას მთაზე და პალესტინაში. ქართველთა ეროვნული სიამაყის საგანი ყოველთვის იყო სახარების უძველესი თარგმანები და თეოლოგიურ-ფილოსოფიური ტრაქტატები. რენესანსული მსოფლმხედველობა ჩვენში უფრო ადრე იწყებს ჩამოყალიბებას, ვიდრე მსოფლიოში და ვეფხისტყაოსანია ამისი ნათელი დასტური; ხოლო მანამდე, მრავალი საუკუნით ადრე, ჩვენ შევქმენით რკინის დამუშავების, ღვინის დაყენების, ოქროს მოპოვების ცოდნა და ტექნოლოგიები, რითაც ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ მსოფლიო ცივილიზაციაში.

ქართველთა იდენტობის ნაწილია უნიკალური ანბანი და ათასექვსასწლოვანი ორიგინალური ლიტერატურა. ჩვენი დიდი განმანათლებელი –  სულხან-საბა ორბელიანი ქმნის ენის განმარტებით ლექსიონს, რომელიც მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ჯერ არც კი იყო შექმნილი და სამასი წლის წინ შექმნილი ეს ლექსიკონი დღესაც მუშაობს! ილია ჭავჭავაძე თავის უმთავრეს ამოცანად ქართველთა შორის წერა-კითხვის გავრცელებას და ევროპული ყაიდის განათლების დანერგვას მიიჩნევდა, იმისათვის, “რომ დავდგეთ ერად სხვა ერთა შორის”, რაც მოწინავე ევროპული სახელმწიფოების ოჯახში გაერთიანებას ნიშნავდა და დღემდე ნიშნავს.

შარშან, იყალთოს აკადემიაში გამართულ პრეზენტაციაზე ჩვენ დავაანონსეთ განათლების  ფართომასშტაბიანი რეფორმა 2019-2022 წლებისათვის. ეს რეფორმა ხორციელდება ხუთივე მიმართულებით: ადრეული და სკოლამდელი განათლება, საშუალო განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვიწყებთ რესურსების მობილიზაციას ამ დიდი პროექტის განსახორციელებლად და ეს პროექტი უკვე ამოქმედდა.

მაგრამ ახლა, ჩვენ ხარისხოვნად ახალ ეტაპზე გვსურს გასვლა.

განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს მიაღწევს 2022 წლისთვის, როცა ჩვენ გავალთ მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან ნიშნულზე, რაც ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს. ეს იქნება უზრუნველყოფილი სპეციალური კანონონმდებლობით – „საგანმანათლებლო თანასწორობის აქტით, რომელიც არსებულ თუ ნებისმიერ მომავალ მთავრობებს შემდეგი ათწლეულების განმავლობაში დაავალდებულებს ამ ნიშნულის შენარჩუნებას. უფრო მეტიც, სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტის მეოთხედის ინვესტირება განათლებაში, კერძო სექტორის მხრიდანაც გამოიწვევს ამ მიმართულებით ინვესტიციების ზრდას, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორედ განათლების სექტორი გახდება ჩვენი ეკონომიკის დომინანტი სეგმენტი, 10 – 11%-იანი ზრდით!

ეს ნიშნავს იმას, რომ ფინეთთან, ნორვეგიასთან, დანიასთან, სინგაპურთან და სხვა წამყვან სახელმწიფოებთან ერთად, საქართველო გახდება მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა, რომლის უმთავრესი პრიორიტეტია განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ სკოლამდელი და ზოგადი განათლება ევროპულ დონეზე უსწრაფესი ტემპებით გავა, ხოლო პედაგოგის პროფესია იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი საქართველოში.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან იქნება ყველაზე ხარისხიანი უმაღლესი სასწავლებლები, საქართველოს უნივერსიტეტები მოხვდებიან საერთაშორისო ტოპ-რეიტინგებში და აღარ იქნება საჭირო, რომ ჩვენი შვილები და მომავალი თაობა საზღვარგარეთ გავაგზავნოთ ბაკალავრის თუ მაგისტრის დიპლომის მისაღებად. შესაბამისად, ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი უმაღლესი განათლება იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი და არა – პრივილეგია.

ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში გაიხსნება ისეთი პროფესიული სასწავლებლები, სადაც ახალგაზრდები დაეუფლებიან ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და ხელობებს, მიიღებენ ევროპულ სერთიფიკატებს და დასაქმდებიან მსოფლიოს ნებისმიერ წამყვან ქვეყანაში.

ეს ნიშნავს სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობას, ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიებს, საცდელ მეურნეობებს, კვლევით ცენტრებს და ინსტიტუტებს, შესაბამისად – ახალ აღმოჩენებს, მეცნიერულ მიღწევებს და ტექნოლოგიურ სტარტაპებს.

ეს ნიშნავს სახელოვნებო განათლების ინტენსიურ განვითარებას და ჩვენი კულტურის კიდევ უფრო გამდიდრებას.

ეს ნიშნავს ახალ სკოლებს და საბავშვო ბაღებს ყველგან, ყველა რეგიონში. ახალ უნივერსიტეტებსა და პროფ. სასწავლებლებს, ახალ კამპუსებს და, რაც მთავარია – ახალ მკვლევარებს, ახალ პედაგოგებს, მეცნიერებს, ხელოვანებს – რომლებიც შეცვლიან ჩემთვის ყველაზე მიუღებელ ტერმინს – „მცირერიცხოვან ერს”  და პასუხს გასცემენ არც თუ ისე რიტორიკულ შეკითხვაზე: „სად არის ხსნა”.

განათლება არის უმოკლესი გზა თავისუფლებისკენ… თავისუფლებისკენ სიდუხჭირისგან და თავისუფლებისკენ ოკუპაციისგან. შესაბამისად ხსნა არის განათლებულ საქართველოში“,- აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, სულ რამდენიმე წელიწადში საქართველო დაიბრუნებს კულტურული, სამეცნიერო და საგანმანათლებლო კერის ფუნქციას, გახდება მკაფიო ლიდერი რეგიონში და კონკურენციას გაუწევს მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებსაც.

„როდესაც ჩვენს მრავალმხრივ ნიჭიერ ახალგაზრდობას შეექმნება საკუთარ სამშობლოში ევროპული სტანდარტის, უწყვეტი და თანმიმდევრული განათლების მიღების შესაძლებლობა, თანდათანობით მივიღებთ დიდ გარდატეხას ეკონომიკასა და ბიზნესში, მეცნიერებაში, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. დასაქმების პრობლემა, სამუშაო ადგილების დეფიციტი, მცირე ხელფასი და სხვა სოციალური კატაკლიზმები, გაქრება,  რადგან მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ არც ერთი ასეთი ნეგატიური ფენომენი არ არის თავსებადი განათლებული, განსწავლული და განვითარებული საზოგადოებისთვის.

დღევანდელ ქაოსურ და არეულ დროებაში, ტურბულენტურ, სწრაფად ცვალებად და, ხშირად, არასამართლიან სამყაროში წარმოუდგენელია გზის გაკვლევა ისეთი მძლავრი იარაღის გარეშე, როგორიც ევროპული სტანდარტის შესაბამისი ცოდნაა.

შესაბამისად, სახელმწიფოს უმაღლესი ლეგიტიმური მიზანია უზრუნველყოს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა ყველასთვის, მისცეს ცოდნის დაუფლების თანაბარი შესაძლებლობა ყველა ნიჭიერ ადამიანს, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს და როგორი შეძლების ოჯახშიც არ უნდა იყოს იგი დაბადებული და გაზრდილი.

დღეს ჩვენ უკვე ვლაპარაკობთ, რომ საქართველო გაიცნო მსოფლიომ, როგორც უნიკალური კულტურის ქვეყანა. მე გპირდებით, რომ ძალიან მალე ჩვენ ხელახლა აღმოგვაჩენენ, როგორც ყველაზე განათლებული და თავისუფალი ადამიანების ქვეყანას!

განათლებაში ბიუჯეტის მეოთხედის ინვესტირებით ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იქნება ყველაზე განათლებული ქვეყანა და ქართველი ერი იქნება ყველაზე განათლებული ერი მსოფლიოში!

სწორედ ეს არის „ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდის ინიციატივა – განათლების მეშვეობით სიღარიბისა და ოკუპაციის დაძლევის გეგმა. ეს არის ეროვნული იდეა, რომლის განხორციელებას ახლა მხოლოდ ერთადერთი რამ ჭირდება – ეს არის მთელი საზოგადოების კონსენსუსი და საქართველოს მოქალაქეების საყოველთაო ეროვნული შეთანხმება!

მე მინდა ჩემი გამოსვლა დავასრულო დიდი ილიას სიტყვებით: „სხვა არაფერი გაუსწორეს ომს ცოდნასა, თუ არა ისევ ცოდნა, სხვა ვერაფერი გვიხსნის სიღარიბსგან, თუ არა ის ხერხი, ის უნარი, ის ძალ-ღონე, რომელსაც მარტო ცოდნა და სწავლა-განათლება იძლევა“,- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები