„ონლაინ ციფრული მუსიკის კონტენტის განვითარება და პრომოუთინგი“ – მსოფლიოს წამყვანი ონლაინმაუწყებელის, Boiler Room-ის წარმომადგენლები ვორკშოპს ატარებენ
ამ წუთებში თბილისში, ბრიტანეთის საბჭოს ინიციატივით, მსოფლიოს წამყვანი ონლაინმაუწყებელის, Boiler Room-ის წარმომადგენლები ატარებენ ვორკშოპს – „ონლაინ ციფრული მუსიკის კონტენტის განვითარება და პრომოუთინგი“.
რამდენადაც დღეს, მუსიკა, ისე როგორც საშემსრულებლო ხელოვნების სხვა დარგები, განსაკუთრებით საჭიროებს ციფრული კონტენტის შექმნას და ონლაინმხარდაჭერას, სწორედ Boiler Room-ის წარმომადგენლები არიან ის ექსპერტები, ვინც წარმატებით ახდენს მძაფრი კონკურენციის პირობებში კონტენტის საუკეთესოდ განვითარებას და შემდგომში ამ კონტენტის ფრომოუშენს.
Boiler Room-ის წარმომადგენლები ვორკშოპის მონაწილეებს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას აუდიტორიის გაზრდასა და მარკეტინგულ საქმიანობაში მესამე მხარის ჩართვასთან დაკავშირებით. თავის მხრივ, დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, მსოფლიოს წამყვანი ონლაინმაუწყებლის წარმომადგენლებს დაუსვას შეკითხვები და გააცნოს ადგილობრივი მდგომარეობა, საჭიროებები და გამოწვევები.
ვორკშოპი „ონლაინ ციფრული მუსიკის კონტენტის განვითარება და პრომოუთინგი“, არის ნაწილი ბრიტანეთის საბჭოს პროგრამისა Selector PRO. პროგრამის მიზანია ბრიტანული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება მუსიკალური ინდუსტრიის სფეროს პროფესიონალებისთვის.
პროგრამის იდეა წარმოიშვა ბრიტანეთის საბჭოს მუსიკალური რადიოპროგრამიდან „სელექტორი“, რომელიც 2010 წლიდან მოყოლებული რეგულარულად გადაიცემა საქართველოში რადიოს „მწვანე ტალღაზე“ (FM 107.4). ამ რადიოპროგრამაში შესაძლებელია უახლესი ბრიტანული მუსიკალური მიმდინარეობების და მუსიკოსების ნაწარმოებების, მათთან ინტერვიუების და ცოცხლად შესრულებული მუსიკალური სესიების მოსმენა როგორც პირდაპირ ეთერში, ისე ჩანაწერების და ინტერვიუების სახით. ეს მუსიკოსები ასრულებენ სხვადასხვა სტილის მუსიკას, როგორებიცაა ინდი, დაბსტეპი, ფოლკი, სოული, ელექტრო და ა. შ.
გვსურს გაცნობოთ, რომ 1 მარტს კლუბმა KHIDI Boiler Room-თან პარტნიორობით გამართა შესანიშნავი წარმოდგენა – საკლუბო ღამის ექვსსაათიანი ტრანსლაცია კლუბის მთავარი საცეკვაო ოთახიდან, რომელშიც მონაწილეობდნენ KHIDI-ს რეზიდენტები: REGAL, SHLØMO, OTHR, ROMAN, YANAMASTE, FREQUENCY SHIFTER და სპეციალურად მოწვეული EBM/Industrial დუო საფრანგეთიდან, ლეიბლ AUFNAHME + WIEDERGABE-ს ოჯახის წევრი – IMPERIAL BLACK UNIT [LIVE].