კალიების საწინააღმდეგო ბრძოლის ფარგლებში სწავლება მიმდინარეობს

განსაკუთრებით საშიში მიგრაციული მავნებლის – კალიების საწინააღმდეგო ბრძოლის ფარგლებში რეგიონული სწავლება მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მცენარეთა დამცველები მონაწილეობენ.
სწავლებებზე, რომელსაც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის მსოფლიო ორგანიზაციის (FAO) საერთაშორისო ექსპერტები (აშშ, კანადა, მაროკო, ავსტრალია, ჰოლანდია, მავრიტანია) ატარებენ, განიხილება კალიების პოპულაციის მონიტორინგი და მავნებელთან ბრძოლის ქიმიური თანამედროვე მეთოდები და მიდგომები, ასევე პესტიციდებით გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედების შემცირება.
ტრანსსასაზღვრო მავნებლებთან ბრძოლის ფარგლებში აღნიშნული რეგიონული პროგრამა საქართველოში 2010 წლიდან ხორციელდება. ამ ხნის განმავლობაში FAO-ს მხარდაჭერით სისტემატურად ტარდება სწავლებები, საზღვრისპირა გამოკვლევები რეგიონის ქვეყნების მონაწილეობით. FAO საქართველოს მუდმივად უწევს ტექნიკურ დახმარებას შემასხურებელი აგრეგატების, თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, პესტიციდების გადმოცემითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში ხელშეწყობით. აღნიშნული პროგრამის დახმარებით შემუშავდა და ინერგება კალიების გლობალური საინფორმაციო სისტემა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2018 წელს ხელი მოაწერა (FAO) პროექტს „ტრანსსასაზღვრო მავნებლებთან – კალიებთან ბრძოლის გაუმჯობესება კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებში” (GCP/GLO/963/USA), რომლის ფარგლებშიც 2019 წელს კვალიფიკაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს 7 მცენარეთა დამცველი აიმაღლებს. ისინი გადაამზადებენ სააგენტოს რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებსა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ სპეციალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები