პატრიარქი: ჩვენ უნდა მოვიკრიბოთ ძალა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას დავუპირისპირდეთ

მსოფლიოში განსაკუთრებული ბრძოლა არის ეკლესიის წინააღმდეგ, ჩვენ უნდა მოვიკრიბოთ ძალა, რომ დავუპირისპირდეთ ამას, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორებთან, სტუდენტებთან და თვითმმართველობების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

უწმინდესმა შეკრებილები დალოცა და სიტყვით მიმართა.

,,ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროს, როცა ბოროტება ებრძვის სიკეთეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სიკეთის მხარეს ვიყოთ, სიკეთე შევიყვაროთ. გასულ კვირას იყო სახარების კითხვა იესოს ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ. იქ ამბობს უფალი, იმას რომ მე ვიყავი მშიერი თქვენ და მაჭმევდით, მე ვიყავი მწყურვალი და თქვენ მასმევდით, მე ვიყავი საპყრობილეში და თქვენ მომინახულეთ, რაც გააკეთეთ ხალხისთვის, ის ჩემთვის გააკეთეთ. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ და სიკეთეს უნდა ვემსახუროთ”, – განაცხადა პატრიარქმა.

მისივე თქმით, მსგავსი შეხვედრები საპატრიარქოში მომავალშიც გაიმართება.

„უფალი სუფევს, უფალი მეფობს, უფალი იცავს საქართველოს იმიტომ, რომ საქართველო არის წილხვედრი ქვეყანა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა . ახლა მიდის მსჯელობა იმის შესახებ, რომ საქართველო მსოფლიოში გამოცხადდეს, როგორც წილხვედრი ღვთისმშობლისა და დაწესდეს დიდი საზეიმო დღესასწაული. მინდა ვთქვა, რომ აქ ახალგაზრდები არიან, რექტორები ბრძანდებიან, თქვენ მუდამ იქონიეთ საერთო ენა. ახალგაზრდებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ერთსულოვნება იყოს უფროსსა და უმცროს თაობებს შორის. ეს იქნება ღვთის მადლით .ყველას გლოცავთ გისურვებთ სულიერ ძალას. მადლი უფლისა ჩვენისა გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს”, – განაცხადა პატრიარქმა.

საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები