მამუკა ხაზარაძე: სასამართლოს იმ წერილის ასლი გადავეცი, რომელიც შს მინისტრისგან საპრეზიდენტო არჩევნებამდე მივიღე

მამუკა ხაზარაძემ მოსამართლეს იმ მუქარის შემცველი წერილის ასლი გადასცა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებამდე მან შს მინისტრის გიორგი გახარიასგან მიიღო.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორ მამუკა ხაზარაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განმარტა, აღნიშნული წერილის ორიგინალური ვერსია ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.
„გამოკითხვა დასრულდა. გამოკითხვას მოსამართლის გარდა პროკურორებიც ესწრებოდნენ. წერილის ასლი გადავეცი და შესაბამისი კომენტარებიც გავაკეთე. წერილში რა წერია, ეს იყოს პროკურატურის კომპეტენცია, რამეთუ კარგად ატარებენ კონფერენციებს. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურის მენტალიტეტი. წერილის ორიგინალი გაგზავნილია ლონდონში ექსპერტიზაზე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე, სადაც „თიბისი ბანკის“ საქმის გარშემო მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დეპუტატების კითხვებს პასუხობდნენ, შს მინისტრის მიმართ ახალი ბრალდება გახმაურდა.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე შს მინისტრი გიორგი გახარია რეპუტაციის შელახვით ემუქრებოდა.
ამასთანავე, მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ მან მუქარის წერილის შესახებ ინფორმაცია პროკურორებსაც მიაწოდა. თუმცა, მას საგამოძიებო უწყებაში კითხვები არ დაუსვეს:
“საოცრება ის არის, რომ მე ამის შესახებ დაკითხვის ოქმში ვთქვი. ამის მერე საქმე არ აღიძრა, არც მოსამართლემ და არც სამმა პროკურორმა კითხვაც კი არ დამისვეს. მე ვუთხარი, რომ ჩვენზე არის შემოტევა, მუქარა და ეს არის ჩაწერილი და არავინ, არა თუ დაინტერესდა, არათუ საქმე აღიძრა, არამედ 9 იანვარს გააკეთეს საშინელი განცხადება, რომელმაც 90 მილიონის პირველი ზარალი მოგვიტანა,” – განაცხადა ხაზარაძემ.
გუშინვე ამ საკითხს შს მინისტრი გიორგი გახარია გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ის „წერილებს არ წერს და სათქმელს ყველას პირში ეუბნება“.
„მე არ ვწერ წერილებს, სათქმელს ყველას პირადად ვეუბნები“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები